Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათამდე დაკავებული შიდა ქართლში


გორის ცენტრი
გორის ცენტრი
შაბათ-კვირას გორის და კასპის რაიონებში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების და მომხრეების დაკავება დაიწყო. კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში კოალიციის ერთ-ერთი აქტივისტი და მობილური ჯგუფების უფროსი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. ჯანანაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში აიყვანეს.მამუკა ჯანანაშვილი სამბისტია, მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის რამდენიმე გზის პრიზიორია. ოჯახის წევრების თქმით, თხუთმეტამდე პოლიციელი შეიჭრა მათ საცხოვრებელ სახლში და ჩხრეკა დაიწყეს. პოლიციელებმა სახლში კარაბინის და ავტომატის ვაზნები იპოვეს, დაკავებულის დედა გიული ჯანანაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ ტყვიები თვითონ ჩადო.

ამ ფაქტის შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კასპის პოლიციასთან კოალიციის მობილური ჯგუფის უფროსის, მამუკა ჯანანაშვილის დაკავების ფაქტი გააპროტესტეს.

კვირას პოლიციელებმა გორის რაიონის სოფელ შინდისში ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თვალიაშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრებ ირმა პაპუნაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თვალიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარით დააჯარიმა, ხოლო გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს 30-30 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ.

გორელმა პოლიციელებმა ასევე კვირას დააკავეს ფილოლოგი და ჟურნალისტი ტარიელ გურგენიძე, რომელსაც პოლიციელების დაუმორჩილებლობა და მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად. მას რაიონულმა სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. რამდენიმე დღის წინ ტარიელ გურგენიძე ქალაქის ცენტრში საზოგადოების მიერ მოწყობილ აქციაზე იმყოფებოდა და გლდანის ციხეში მომხდარ ფაქტებს აპროტესტებდა. გარდა ამისა, კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში მათ აქტივისტებს ტელეფონებზე ურეკევდნენ, ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

დაკავებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და თითოეული დაკავებული კონკრეტულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულა.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას სიცრუეს უწოდებს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ შიოშვილი. იგი პოლიტიკური ანგარიშსწორებაზე საუბრობს. მისი აზრით, მასობრივი დაკავებები მათი მომხრეების დასაშინებლად დაიწყო.

ხოლო დაკავებულების ადვოკატი მირიან ცაბაძე მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

კოალიციის გორის ორგანიზაციამ კი სოციალურ ქსელში გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დღეს დაიწყო გაძლიერებული ზეწოლა კოალიცია "ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციის წევრებზე, რათა ისინი საარჩევნო პროცესებს ჩამოაშორონ. კვირას საღამოს პოლიციამ დააკავა კოალიციის კიდევ ოთხი წარმომადგენელი, რომლებსაც ასევე პოლიციის შეურაცხყოფასა და წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ ბრალად. ბოლო ორი დღის განმავლობაში პოლიციამ შიდა ქართლში კოალიციის 10-მდე აქტივისტი დააკავა. კოალიციის გორის ოფისში ვარაუდობენ, რომ მათი მომხრეების დაკავება არჩევნებამდე კიდევ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG