Accessibility links

logo-print

ღოღეთში 30 ოჯახი მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის მიღმა რჩება


ევროკავშირის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ღოღეთში

ევროკავშირის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები სოფელ ღოღეთში

სოფელ ღოღეთის ცენტრში, ავტობუსის მოსაცდელის კედელზე, იმ პირების სიაა გამოკრული, ვინც მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამით ისარგებლებს. ამ სიაში 30-მა ღოღეთელმა საკუთარი გვარი ვერ იპოვა და პრეტენზიებით სოფლის რწმუნებულთან მივიდა. გულნარა ღვალაძეს ვერ გაუგია, სოფლის დახმარების პროგრამიდან რატომ ამოაგდეს, როცა ანალოგიური დახმარება შარშან უპრობლემოდ მიიღო. ღვალაძის თქმით, რუსეთის მესაზღვრეების მიერ გავლებული მავთულხლართების მიღმა მისი ერთ-ერთი მიწის ნაკვეთიც მოექცა და არ ესმის, სახელმწიფო დახმარებას რატომ უწყვეტს.

თანასოფლელებით გარშემორტყმული რწმუნებული მათ უხსნის, რომ სიებიდან კონკრეტული პირების ამოვარდნა მისი ბრალი არ არის. სახელმწიფო მხოლოდ იმ ბენეფიციარებს ეხმარება, ვისაც 25 მეასედიდან ჰექტარ და 25 მეასედამდე მიწის ნაკვეთი აქვს, ის ადამიანები კი, რომლებიც ამაზე მეტ ფართობს ფლობენ, დახმარების მიღმა რჩებიან. ღოღეთელები ამბობენ, რომ ისედაც მავთულხლართებით შემოვლებულ სოფელზე სახელმწიფო მეტ მზრუნველობას უნდა იჩენდეს. ფცის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თამაზ ბერუაშვილი ღოღეთელებს ამშვიდებს და ეუბნება, რომ სამთავრობო კომისია მათ საკითხს მალე განიხილავს.

სოფელ ღოღეთში დაახლოებით ორი თვის წინ რუსეთის მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს და რვა ადგილობრივი მცხოვრების მიწის ნაკვეთი ამ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ღობეების მიღმა აღმოჩნდა. ამ ნაკვეთებში კი ზოგს ნიორი და ზოგს ქერი უკვე დათესილი ჰქონდა. მიწადაკარგული ღოღეთელები სახელმწიფოს ალტერნატიული მიწის ნაკვეთების გამოყოფას სთხოვენ, მაგრამ ეს პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.

გუშინ ღოღეთში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც ღოღეთელები საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრნენ. ციხელაშვილი მათ ჰპირდება, რომ მთავრობა ყველა პრობლემატურ საკითხს - მათ შორის, სიებიდან ამოვარდნილი და მიწის გარეშე დარჩენილი პირების პრობლემას - ახლო მომავალში მოაგვარებს.

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“ 1 თებერვლიდან ამოქმედდება, მანამდე კი სიების დაზუსტება მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 50 ლარიან დახმარებას, სასოფლო-სამეურნეო საქონლის სახით, მიიღებენ 25 მეასედამდე მიწის მფლობელები, ხოლო ჰექტარისა და 25 მეასედის მფლობელები ჰექტარზე 140 ლარიან დახმარებით და უფასო ხვნის პროგრამით ისარგებლებენ. ღოღეთში 77 ოჯახი ცხოვრობს. ამ პროგრამის მიხედვით, 30 ოჯახი დახმარების მიღმა რჩება. ღოღეთელები ითხოვენ, რომ მთავრობამ მათი მდგომარეობა გაითვალისწინოს და დახმარების გარეშე არ დატოვოს.
XS
SM
MD
LG