Accessibility links

11 ოქტომბერს გოგონების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ადრეული ქორწინება, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, დისკრიმინაცია, განათლების უფლება - ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღეს მილიონობით გოგონა დგას. საერთაშორისო ორგანიზაციები დღევანდელი მოზარდი გოგონების გამოწვევებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე საუბრობენ.

მილიარდ ასი მილიონი - დღეს მსოფლიოში სწორედ ამდენი გოგონა ცხოვრობს. 11 ოქტომბერი ამ გოგონების საერთაშორისო დღეა. წლევანდელი 11 ოქტომბრის დევიზი კია: „გოგონების წინსვლა ნიშნავს მიზნებისკენ წინსვლას: რა არის საჭირო გოგონებისთვის“. გაეროს ინფორმაციით, დღეს გოგონები დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსოფლიოში გოგონათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათი პრობლემების მოსაგვარებლად გზების საპოვნელად აუცილებელია ინფორმაციის შეგროვება.

ინვესტირება მოზარდი გოგონების განვითარებაში - გოგონების საერთაშორისო დღეს ეს არის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომლის შესახებაც ესაუბრება რადიო თავისუფლებას ლელა ბაქრაძე, „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. მისი თქმით, აუცილებელია საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ მოზარდები საზოგადოების მნიშვნელოვანი რესურსია. მომდევნო 15 წელიწადში მათ უნდა აიღონ ხელში შრომითი ბაზარი, ქვეყნის მართვა და გაზარდონ ქვეყნის დოვლათი და კეთილდღეობა. სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს ადრეულ ასაკში ქორწინებას და ამით გამოწვეულ სხვა არაერთ პრობლემას, ჯანმრთელობიდან დაწყებული, განათლებით დამთავრებული:

„ბოლო მონაცემების მიხედვით, საქართველოში მცხოვრები ქალების 14 %-ზე მეტი დაქორწინდა 18 წლამდე, ანუ მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ იყვნენ ბავშვობის ასაკში. ამას უდიდესი რისკები მოაქვს მოზარდებისათვის.ყველანაირი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება დაკავშირებულია სოციალური იზოლაციის გაზრდილ რისკთან, განათლების შეწყვეტის რისკთან. მოზარდობის ასაკში მშობიარობა და ორსულობა არის უდიდესი რისკი როგორც დედის, ისე ჩვილის ჯანმრთელობისათვის და ამ ასაკში გოგონათა სიკვდილობის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ გართულებულ ორსულობასთან და მშობიარობასთან არის დაკავშირებული“.

ყოველ შვიდ წამში მსოფლიოში ერთი 15 წლამდე ასაკის გოგონა ქორწინდება. ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მონაცემებია. ამის შესახებ ისინი გოგონების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპეციალურ ანგარიშში წერენ. ამ გოგონების დიდი ნაწილი მათზე გაცილებით უფროს მამაკაცზე ქორწინდება: „ვფიქრობდი, რომ ქორწილის დღე დიდებული დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა. ეს იყო საცოდაობა. ეს დღე სევდით იყო სავსე. მადლობელი ვარ, რომ შვილი მეყოლება, მაგრამ მე ვიქნები ბავშვი, რომელმაც ბავშვი უნდა გაზარდოს“, - ციტირებს ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ იმ 14 წლის სირიელი გოგონას სიტყვებს, რომელიც 20 წლით უფროს მამაკაცზე გაათხოვეს და რომელიც ახლა ორი თვის ორსულია. კიდევ ერთი ორგანიზაციის, „გაეროს ბავშვთა ფონდის“, მონაცემებით, 2030 წლისთვის ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონების რიცხვი 700 მილიონიდან 950 მილიონამდე გაიზრდება.

მხოლოდ ადრეული ქორწინება, ადრეულ ასაკში დედობა არ არის ის პრობლემა, რომელზეც „გადავარჩინოთ ბავშვები“ წერს თავის ანგარიშში. გოგონების უფლება იცხოვრონ, ისწავლონ, იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იყვნენ დაცულები - ამ საკითხებზე მიუთითებენ ორგანიზაციის ავტორები. ანგარიში 144 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს და მათ შორის საქართველო 62-ე ადგილს იკავებს. ანი ჯოხაძე, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ ადვოკატირებისა და კომინიკაციების კოორდინატორი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ ჩამონათვალში საქართველოს 62-ე ადგილი არ არის საგანგაშო, თუმცა სიტუაცია გამოსწორებას საჭიროებს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რასაც ჩვენი ორგანიზაცია ქვეყნებისა და მათი მთავრობების მიმართ გასცემს, ესაა სამართლიანი დაფინანსება, სადაც მინიმალური დაფინანსება მაინც უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ამ სეგმენტის მიერ. ასევე, თანასწორი მოპყრობა, რათა ამოღებულ იქნეს ყველანაირი დისკრიმინაციული ბარიერები საკანონმდებლო დონეზე. ეს კონკრეტულად საქართველოს არ ეხება, ესაა მსოფლიოს მასშტაბით მიმართული მესიჯები და, ასევე, ანგარიშვალდებულება, რათა სახელმწიფომ გაითვალისწინოს ბავშვთა უფლებები ყველა დონეზე“.

გოგოებს ჩასახვისთანავე უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. ისინი ცხოვრებას მინუს ერთი საფეხურიდან იწყებენ, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ანა არგანაშვილი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი, და ამის მაგალითად მოჰყავს ქვეყანაში სელექციური აბორტების მაღალი მაჩვენებელი. „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2010 წლამდე, შერჩევითი აბორტის გამო, 25 ათასი გოგოა „გამქრალი“. ამავე გამოკვლევის თანახმად, ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, ოჯახების 46 % უპირატესობას ბიჭს მიანიჭებდა, 9 % კი - გოგოს. ანა არგანაშვილს სწორედ ეს მონაცემები აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მათ გადასარჩენად ბრძოლა ჩასახვისთანავე უწევთ და კიდევ, მისი თქმით, გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებულ საზოგადოებაში გოგონებს თვითდამკვიდრებისათვის მუდმივი ბრძოლა უხდებათ:

„საკმარისია გოგონას პატარა შეცდომა მოუვიდეს, მაგალითად, თუნდაც მათემატიკაში, სკოლაში რაიმე საგანში, მაშინვე მისთვის გამზადებულია ისეთი შეფასებები, როგორიცაა „ქალის ჭკუა“, „გოგონებს ეს არ გამოსდით“. ამიტომ მათ იმთავითვე უწევთ ყოფნა არათანაბარ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი პედაგოგი გენდერული სტერეოტიპების მატარებელია და ამგვარ მიდგომაზე რეაგირებას არ ახდენს და, ასევე, ძალიან ხშირად გოგონების უფლებები განათლების მიღმაც ირღვევა. გაგვიგია, რომ გოგონებს ხშირად არასასურველ ბავშვადაც მიიჩნევენ, რადგან საქართველო ჯერ კიდევ ეძებს გვარის გამგრძელებლებს და ტრადიციები გოგონებს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ აძლევენ იმ შესაძლებლობებს, რაც აქვთ ბიჭებს“.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ ხარვეზზე, რომელიც სხვადასხვა სფეროში მოზარდების შესახებ არსებული მონაცემების სიმცირეს უკავშირდება. მათ შორის არის მონაცემები სიღარიბის, ძალადობის, ორსულობის პერიოდის გართულებებისა და მშობიარობის გამო სიკვდილის შესახებ, განსაკუთრებით, 10-დან 14 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. შედეგად, მათი თქმით, გამოწვევები, რომლებიც ბევრი გოგონას წინაშე დგას, გაუთვალისწინებელი რჩება. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ საქართველოს ოფისი უახლოეს მომავალში იწყებს გამოკვლევას ადრეული ქორწინების შესახებ, რომელიც ტარდება "გაეროს ბავშვთა ფონდთან" ერთად. ეს გამოკვლევა გამოავლენს როგორც გავრცელების მაჩვენებლებს, ისე მის მიზეზებსა და შედეგებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გამოკვლევა საქართველოში 2010 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG