Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რკინის ნერვებით“ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში


ვახტანგ გომელაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე
ვახტანგ გომელაური კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე

პარლამენტმა კენჭი უყარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და 83 ხმით დაამტკიცა კიდეც. პარლამენტის რიგგარეშე სესიამდე ვახტანგ გომელაურს ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან ახალი სამსახურის პრიორიტეტებსა და საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მოწყობის ახალ მოდელზე ისაუბრა. პარლამენტის სხდომაზე გომელაური სიტყვით აღარ გამოსულა.

მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გომელაური პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა, დეპუტატებს მისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცათ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განმარტებით, რეგლამენტი ამ ფორმატს არ ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოყოფის შედეგად შექმნილი ახალი უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსობის კანდიდატად წარდგენილმა ვახტანგ გომელაურმა ადამიანის უფლებათა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ახალი სამსახურის სპეციფიკაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს არ იქნება ძველი ტიპის უსაფრთხოების სამსახური, ეს იქნება დეპოლიტიზებული უწყება, პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე მაღალი ანგარიშვალდებულებით:

„ჩვენს ქვეყანას ეყოლება დამოუკიდებელი, დეპოლიტიზებული, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური“.

ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. გლობალური ტერორისტული საფრთხის გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც საქართველოსთვისაც იმავე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის...
ვახტანგ გომელაური

სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ვახტანგ გომელაურმა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთა გეგმების დროული გამოვლენა და აღკვეთა და ასევე ტერორისტული საფრთხეების გამოვლენა დაასახელა:

„ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა. გლობალური ტერორისტული საფრთხის გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც საქართველოსთვისაც იმავე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის“.

უცხო ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე აქცენტის არდასმა უსაყვედურეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ახალი უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა სხდომაზეც და საკომიტეტო მოსმენაზეც უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ახალი სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის თაობაზე სამსჯელოდ მცირე დრო მიეცათ:

„ბატონმა კანდიდატმა საერთოდ არ ახსენა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე, რომელიც ერთ-ერთი მთავარია, და ჩვენ ვიცით ფაქტი: რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ადამიანი გაიქცა რუსეთში ოკუპირებული ტერიტორიების გავლით და წაიღო ძალიან მნიშვნელოვანი მასალები. ბუნებრივია, დეტალებზე არ ვსაუბრობ. და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის ფაქტი, რომ დღეს ასე მოკლე ვადაში ხდება ამ კანდიდატურის განხილვა, ასეთ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თქვენ თვითონ, ანუ ხელისუფლებაც და უმრავლესობაც, ძალიან კარგად ხვდებით იმას, რომ ეს ადამიანი ამ თანამდებობისთვის არის შეუსაბამო თავისი გამოცდილებით და კვალიფიკაციით“.

კვალიფიკაციისა და გამოცდილების შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კიდევ ერთმა დეპუტატმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, და დასძინა:

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

„სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის და უკვე უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მთავარი საქმე, ამოცანაა არა სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვა, არამედ ერთი კაცი, ე.წ. „პირველი მოქალაქის“, ბიძინა ივანიშვილის, პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

ოპოზიცია გომელაურს შს მინისტრობის დროს კრიმინალური ვითარების დამძიმებასა და მძიმე დანაშაულთა კვალიფიკაციის შეცვლაშიც ადანაშაულებდა. ამასთან, დეპუტატი გიორგი ბარამიძეც დაინტერესდა, გადავიდა თუ არა შსს-ს თანამშრომელი ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადასაცემად, რაც გომელაურმა უარყო:

„გადაიტანა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე თუ რაღაც.. ამას, რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ და აბსურდია, მაგრამ მართლა ასეც რომ მომხდარიყო, ასე ღია ეთერში არ უნდა ვსაუბრობდეთ. ის ადამიანი გადავიდა, გადავგზავნეთ თუ რა გააკეთა, ამაზე ლაპარაკი ღია ეთერში, მე მგონი, არ შეიძლება“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები გომელაურის შს მინისტრად მუშაობის დროს მის დამსახურებაზე საუბრობდნენ. პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წარამომადგენელმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ თქვა, მას „რკინის ნერვები“ აქვს და ასეთად დარჩება ბოლომდეო.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ თავისი სურვილები და მოლოდინები უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებით ასე ჩამოაყალიბა:

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე

„მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სამსახური, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთა ექნება ანალიტიკურ სამსახურს, მთავარი ყურადღება დაეთმობა იმ საფრთხეების ანალიზს, რომელიც ქვეყანაში არსებობს ან შეიძლება არსებობდეს, და ამ საფრთხეების პრევენციას“.

ტერორიზმის და სხვა საფრთხეების თავიდან არიდების კონტექსტში რატომ არ ახსენა გომელაურმა რუსეთი, როგორც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი, ამ საკითხით დაინტერესდა ოპოზიცია, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატებიც“, რომლის წარმომადგენელმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ თქვა:

„საქართველო არ უნდა იყოს იქ, სადაც რუსეთი წამყვან როლშია, ისეთ გაერთიანებებში, სადაც რუსეთია მთავარი. ეს უნდა მთლიანად გამოირიცხოს, ეს არის ჩემი მომავალი საქართველო“.

ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობას 1 აგვისტოდან შეუდგება, 6 წლის ვადით. პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ის დღის წესრიგში დააყენებს მოთხოვნას, ვახტანგ გომელაურს, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების გასაზრდელად, ნდობის ჯგუფშიც მოუსმინონ ხოლმე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG