Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გუგლის“ ხელძღვანელი ჩრდილოეთ კორეაში ჩადის


„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი
„გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი
აშშ-ის უმსხვილესი საინტერნეტო კორპორაცია „გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი და გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩი ბილ რიჩარდსონი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდნენ. ამ ოთხდღიან ვიზიტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, თუმცა რიჩარდსონი აცხადებს, რომ მათ სტუმრობას ფხენიანში არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან.

თეთრმა სახლმა გააკრიტიკა „გუგლის“ აღმასრულებელი დირექტორისა და გაეროში ყოფილი ელჩის ბილ რიჩარდსონის დიქტატორულ ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის განზრახვა. გარდა იმისა, რომ აშშ-ს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ფხენიანთან, თეთრი სახლი იმანაც გააბრაზა, რომ უდიდესი საინტერნეტო კორპორაციის ხელმძღვანელის ჩასვლა გასულ თვეში ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი მოქმედების ბირთვული რაკეტის გამოცდას დაემთხვა. თუმცა ორშაბათს პეკინში მყოფმა ბილ რიჩარდსონმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არც მის და არც შმიდტის ვიზიტს არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან:

„ ეს არის კერძო ჰუმანიტარული მისია, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს აშშ-ის მთავრობასთან. ჩვენ არ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას. ვიზიტის მიზანი ჰუმანიტარულია - გვსურს განვიხილოთ ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური ვითარება და ვიმსჯელოთ ამერიკელი პატიმრების საკითხზე. მე შეშფოთებული ვარ იმით, რომ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს რაკეტების გამოცდას. ჩვენ გვსურს, რომ მათ თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის შექმნისაგან. ასე რომ, ამ საკითხის დაყენებასაც ვაპირებთ. როგორც კერძო პირები, ჩვენ არ წარმოვადგენთ აშშ-ის მთავრობას“.

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა გასულ წელს დაპატიმრებული კორეული წარმოშობის ამერიკელი გიდის კენეტ ბაის განთავისუფლებააო, - აცხადებს ბილ რიჩარდსონი, რომელიც წარსულში სხვადასხვა საკითხზე აწარმოებდა მოლაპარაკებას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია ჩრდილოთ კორეაში პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ ლიდერებს შეხვდება და რამდენიმე უნივერსიტეტს ესტუმრება. რაც შეეხება „გუგლის“ აღმასრულებელ დირექტორს, ერიკ შმიდტს, მისი ვიზიტის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა

შმიდტი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი თანამდებობის პირია, ვინც ჩრდილოეთ კორეაში ახალგაზრდა ლიდერის, კიმ ჩენ უნის გაპრეზიდენტების შემდეგ ჩადის. ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერებმა ტექნოლოგიების განვითარება თავიანთი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადეს, თუმცა, ინტერნეტით სარგებლობის თვალსაზრისით, ქვეყანაში დღემდე მსოფლიოში ყველაზე უფრო მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს. ჩრდილოეთ კორეაში ხელმისაწვდომია მხოლოდ შიდა ინტერნეტის სისტემა, ხოლო ინტერნეტით სარგებლობა მკაცრად არის შეზღუდული და მასზე დაშვებას ხელისუფლების საგანგებო ნებართვა სჭირდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG