Accessibility links

logo-print
ქართლელმა ფერმერებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებსა და აგრარულ მაღაზიებში ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდება დაიწყეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის მაღაზია ფასებს ხელოვნურად ზევით სწევს. საქართველოს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ იმ მაღაზიების მონიტორინგი დაიწყო, რომლებთანაც ინვენტარის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა. ფასების ხელოვნურად აწევის გამო ქართლში რამდენიმე მაღაზია უკვე დაჯარიმდა, განმეორების შემთხვევაში კი ასეთ მაღაზიებთან ხელშეკრულება გაუქმდება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე აცხადებს, რომ მონიტორინგი მთელ საქართველოში მიმდინარეობს და მაღაზიების მფლობელებს კეთილსინდისიერი მომსახურებისკენ მოუწოდებს.

გორის აგრარულ მაღაზიებში ფერმერთა რიგები არ წყდება, ზოგს მცირე ტექნიკა უნდა, ზოგი შხამ-ქიმიკატებს ყიდულობს, ზოგს კი სათესლე მასალების შეძენა სურს. ფერმერები აცხადებენ, რომ დღეს ფასები ბაზართან შედარებით იაფია.

პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა გორში რამდენიმე მაღაზია შეამოწმეს, თუმცა ამჯერად დარღვევები არ აღმოჩენილა. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ირაკლი მერკვილიშვილი ამბობს, რომ ბარათების განაღდების სისტემა როგორც ფერმერების, ისე მაღაზიის მფლობელებისთვის სერიოზული სარგებლის მომტანია, ამიტომ ფასების ხელოვნური ზრდა და ამით ხელშეკრულების დარღვევა არ ღირს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ამ პროექტს, თანამშრომლობის ხელშეკრულება 300-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ინვენტარის მიმწოდებელ მაღაზიასთან გააფორმა.

ზოგიერთი ფერმერი აცხადებს, რომ მონიტორინგის დღეებში მაღაზიები ფასებს ცვლიან და დაბალ ფასებს აფიქსირებენ, სხვა დროს კი ფასები ზევით იწევს, ამიტომ ყველა მაღაზიას რეკომენდაცია მიეცა, რომ არსებული საქონლის ფასი თვალსაჩინო ადგილზე ცალკეც იყოს გამოკრული და მხოლოდ გასაყიდ ნივთზე არ ფიქსირდებოდეს.

ფერმერებს ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე შეუძლიათ შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი.
XS
SM
MD
LG