Accessibility links

logo-print
გორის რაიონის სოფლებში ფქვილის, შაქრის და ზეთის დარიგება დაიწყეს. ნიქოზში ეს ტვირთი საარჩევნო უბნის გვერდით არის დასაწყობებული. სოფლის რწმუნებული აცხადებს, რომ დახმარებას ყველა ოჯახი მიიღებს, რადგან მოსავალი გვალვის გამო გაუნადგურდათ. ილია მინდიაშვილი ამბობს, რომ ეს მთავრობის დახმარებაა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ნიქოზს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებისგან დახმარება აღარ მიუღია. გვალვის შედეგად მოსავალი აქ ყოველწლიურად ნადგურდება, მაგრამ, ნიქოზელების ერთი ნაწილის აზრით, მთავრობას მათი არსებობა არჩევნების წინ გაახსენდა. გარდა ამისა, სოფლებში ამ საწყობებთან მუდმივად იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. მოსახლეობა კი მიიჩნევს, რომ დახმარებას მათ მმართველი პარტია უწევს.

საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფქვილს, ზეთს და შაქარს მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ურიგებენ და თან აგიტაციას ეწევიან. სააგენტოს სოფელ სკრაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლიკიან მაისურში გამოწყობილი ერთ-ერთი პირი, ბეჟან ხოსრუაშვილი, ინტერვიუს აძლევს და ამბობს, რომ დახმარებას პარტიის მხარდამჭერებს ურიგებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩინჩილაკაშვილმა არ იცის, სოფლებში რა სახის დახმარება რიგდება. იგი კატეგორიულად გამორიცხავს პარტიის აქტივისტების მონაწილეობას ამ აქციაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, თემურ ხუბულური, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს და სამართალდამცავებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ჯანმრთელი სამყაროს“ ხელმძღვანელის ირინა ფუტკარაძის აზრით, საქართველოს კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული, თუ რას ნიშნავს ამომრჩეველთა მოსყიდვა და ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლებას და მმართველ პარტიას დახმარება იმ სოფლებში შეაქვს, სადაც საარჩევნოდ ყველაზე მეტად უჭირთ. კოალიციის წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დახმარება მიიღონ, მაგრამ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG