Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არჩევანის თავისუფლებისთვის“ ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს


შეხვედრა გორში
შეხვედრა გორში
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები კოალიციის „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ექსპერტებს შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლების რეგიონებში გასვლა მიზნად ისახავს საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს კამპანია „ეს შენ გეხება"-ს მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებისა და მისი გაჯანსაღებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეგრეთ წოდებული Must carry-ის და Must offer-ის კანონმდებლობაში ასახვის საკითხებზე, კანონში შეტანილი ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზე. გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში „მაესტროს“, „კავკასიის“ და „მე-9 არხის“ საკაბელო ოპერატორებში დროებით ჩართვას მიუღებლად მიიჩნევს. მისი აზრით, ეს ნორმა ჰგავს გემრიელ კანფეტს, რომელიც მხოლოდ ორი თვით იქნება კარგი და მერე გვეტყვიან, ეს კანფეტი აღარ გეკუთვნითო. ტუღუშის აზრით, მუდმივად უნდა იყოს ჩართული ყველა ქართული არხი ყველა საკაბელო ოპერატორთან.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ ჟურნალისტი თეა გიგუაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას ინფორმაციის მიღების არჩევანიც უნდა ჰქონდეს, რათა დასკვნები თავად გააკეთოს.

დამსწრე საზოგადოებასა და ექსპერტებს შორის გაიმართა დისკუსია. სტუმრებს აინტერესებდათ რა ვითარებაა გორში ტელევიზიების გავრცელების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი საკაბელო ოპერატორი „კოსმოსი“ ჯერჯერობით ეთერში „მაესტროს“, „კავკასიას“ და „მე–9 არხს“ არ უშვებს. „მე–9 არხის“ რეტრანსლაციას ტელეკომპანია „თრიალეთი“ ახორციელებს. საარჩევნო საკითხების ექსპერტის ირაკლი მელაშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში საზოგადოებაც აქტიურად უნდა ჩაერთოს და ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მოთხოვნა ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებაზე არა მარტო არასამთავრობო და მედია სექტორისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაა, არამედ საზოგადოებაც დაინტერესებულია, რომ მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღოს, ამიტომ მელაშვილის განცხადებით, სექტემბრიდან კოალიცია ამ მიმართულებით ფართომასშტაბიან კამპანიას გაშლის და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა, კონფლიქტის ზონის სოფლების ინფორმირებაა. მაგალითად, სოფელ ერგნეთში ცხინვალიდან კარგი ხარისხით იღებენ რუსულ სატელევიზიო არხებს. ამჟამად სოფელში 7 რუსული არხის დაჭერაა შესაძლებელი. ქართული არხებიდან კი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს უყურებენ. ერგნეთის მცხოვრებლის ლია ჩლაჩიძის აზრით, ადგილობრივი მოსახლეობა ორმაგი - ქართული და რუსული - პროპაგანდის ქვეშ იმყოფება და განსხვავებულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება. ჩლაჩიძის აზრით, სოფელში თუ თანამგზავრული თეფშები დამონტაჟდება, საზოგადოება მეტად ინფორმირებული გახდება და არჩევანის გაკეთებაც არ გაუჭირდება.

კოალიციის „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ექსპერტები რეგიონებში შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ. მალე ისინი ქუთაისში ჩავლენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG