Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერეთელი ახალგაზრდები სასამართლოს დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს


გუჯა მახარაშვილის, აკაკი და ჯაბა ელიაშვილების საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში, 2012 წლის 13 აპრილი
გუჯა მახარაშვილის, აკაკი და ჯაბა ელიაშვილების საქმის განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში, 2012 წლის 13 აპრილი
რვათვიანი პატიმრობის შემდეგ მერეთელი ახალგაზრდები ელგუჯა მახარაშვილი, აკაკი და ჯაბა ელიაშვილები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. ისინი პოლიციამ სოფელ მერეთში თებერვალში დააკავა და მათ ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობისა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის ასამართლებდნენ. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მისი დაცვის ქვეშ მყოფები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ელიაშვილები და მახარაშვილი თანასოფლელებთან ჩხუბის შემდეგ დააკავეს. მათ დასაკავებლად პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა და გამთენიისას ბინებიდან გამოიყვანა. საქმეში დაზარალებულად ცნობილია სამხედრო პოლიციის თანამშრომელი გიორგი გლახაშვილი, რომელიც დაკავებულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

სხვა აზრისაა მეორე მხარე. დაკავებულების ნათესავები აცხადებდნენ, რომ პოლიციელებმა მათ პროვოკაცია შეგნებულად მოუწყვეს. აღსანიშნავია, რომ ელგუჯა მახარაშვილის მამა, გოდერძი მახარაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია და სოფელში პოლიტიკური აქტივობით გამოირჩეოდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეს პროცესი თავიდანვე პოლიტიკურ პროცესად მიიჩნიეს და სასამართლოსთან პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. პროცესს პერიოდულად კოალიციის ლიდერი ირაკლი ალასანაიც ესწრებოდა ხოლმე. სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული ელგუჯა მახარაშვილი აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა ციხეშიც ხდებოდა - აიძულებდნენ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენება მიეცათ და ნათესავები პოლიტიკიდან ჩამოეცილებინათ.

ელგუჯა მახარაშვილის მამა, გოდერძი მახარაშვილი, მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული მისი შვილის და მეგობრების პროცესი დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა და საბოლოოდ სიმართლე მაინც იზეიმებდა.

მერეთელი ახალგაზრდების ადვოკატი რევაზ რევაზაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და მოსამართლემ გადაწყვიტა პატიმრობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეეცვალა.

გათავისუფლებულების ნათესავები და ადვოკატი აცხადებენ, რომ ახლა ბრძოლას ბრალის საბოლოოდ მოხსნისთვის გააგრძელებენ და დაამტკიცებენ, რომ ახალგაზრდები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები.
XS
SM
MD
LG