Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები საოლქო კომისიის ზედამხედველობით


გორის 32-ე საარჩევნო ოლქის მე-4 საარჩევნო უბანში კვირას ხელახალი მაჟორიტარული არჩევნები ჩატარდება.1 ოქტომბრის ღამეს უბანში პოლიცია შევიდა და საარჩევნო დოკუმენტაცია დაულუქავად გაიტანა. პოლიცია უბანში კომისიის თავმჯდომარემ გამოიძახა, რომელმაც კოალიციის წარმომადგენელი ბიულეტენების მოპარვაში დაადანაშაულა. „ქართული ოცნება“ კი არჩევნების ჩაშლაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დღევანდელი მონაცემებით, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ტატიშვილს 494 ხმით უსწრებს. მე-4 უბანში 1400 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შესაბამისად, ეს უბანი მაჟორიტარულ არჩევნებში შედეგზე გავლენას ახდენს. 14 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოალიციის წარმომადგენლები უკვე ემზადებიან - მართავენ შეხვედრებს, არიგებენ სააგიტაციო მასალას და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლექსო ვალიაური დარწმუნებულია რომ მე-4 უბანზე არჩევნები მათი გამარჯვებით დასრულდება.

ხელახალი არჩევნებისთვის ემზადება გორის საოლქო საარჩევნო კომისია. ამჟამად კომისიაში თბილისიდან ბიულეტენების მიღებას ელოდებიან. არჩევნებს იგივე საუბნო კომისია ჩაატარებს, მაგრამ პროცესს ზედამხედველობას საოლქო კომისიის წარმომადგენლები გაუწევენ. კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ დამკვირვებლების და მედიის ყურადღება კვირას მხოლოდ მე-4 საარჩევნო უბნისკენ იქნება მიმართული, ამიტომ, მისი აზრით, ყველაფერი მშვიდად დასრულდება.

კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მალხაზ ვახტანგაშვილი უბნის ტერიტორიაზე შაბათს საინფორმაციო მიტინგს გამართავს. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის აქტივისტებს, მათ გორში დამარცხება უკვე აღიარეს და ხელახალი არჩევნების წინ არანაირი აქტივობით აღარ გამოირჩევიან.
XS
SM
MD
LG