Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დევნილებმა ხმა საკუთარ სოფლებში დაბრუნებას მისცეს


მე-100 საარჩევნო უბანი გორში
მე-100 საარჩევნო უბანი გორში
გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდად დაიწყო. დილიდან რამდენიმე პროცედურული ხარვეზი დაფიქსირდა, მაგრამ მოგვიანებით ეს ხარვეზები გასწორდა. მაგალითად, მე-100 საარჩევნო უბანში კომისიამ ბიულეტენების თავფურცელი დაკარგა. კომისიის თავმჯდომარემ ლიანა ბორცვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი მიიღო და ამის შემდეგ არჩევნები გაგრძელდა.

გორში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბში, დილიდან პარლამენტის დეპუტატი შოთა მალაშხია იმყოფება, რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს საარჩევნო უბნებთან აგიტაციის ჩატარებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

გიორგი მარგველაშვილის შტაბს აგიტაციის წარმოებაში ნინო ბურჯანაძის შტაბიც სდებს ბრალს. შტაბის უფროსი გიორგი დედაბრიშვილი აცხადებს, რომ აგიტაციას, შესაძლებლობის ფარგლებში, მათი მომხრეებიც ატარებენ.
გიორგი მარგველაშვილის შტაბში ნინო ბურჯანაძისა და დავით ბაქრაძის შტაბების წარმომადგენელთა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. შტაბის წარმომადგენელი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ოლქში არჩევნები სამართლიანად მიმდინარეობს.

სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქში დილიდან დაბალი აქტივობა იყო. სამი საათის მონაცემებით, უბნებზე ამომრჩევლების 31 პროცენტი გამოცხადდა.
დილიდან მაღალი აქტივობა იყო კარალეთის დევნილთა დასახლებაში, მე-100 საარჩევნო უბანზე. ამომრჩევლები რიგში იდგნენ, უბნიდან გამოსული იძულებით გადაადგილებული პირები ნელი რომელაშვილი და ვენარა ჭოველიძე კი აცხადებდნენ, რომ ხმა საკუთარ სოფლებში დაბრუნებას და კეთილდღეობას მისცეს.

საარჩევნო უბნები საღამოს 8 საათისთვის დაიხურება და ხმების დათვლის პროცედურა დაიწყება.
XS
SM
MD
LG