Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი დარბაზი ადამიანის უფლებებისთვის


გორი
გორი
გორში ერთდროულად ორი დარბაზის სხდომა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მიეძღვნა: საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლები გამგეობის სხდომათა დარბაზში შეიკრიბნენ, სახალხო დარბაზის წევრები კი - დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. საკითხი სახალხო დარბაზის წარმომადგენლებმა დააყენეს და საკრებულოსთან წინასწარი კონსულტაციებიც გამართეს, მაგრამ ბოლოს შეხვედრისა და შეფასებათა განხილვის ფორმატზე ვეღარ შეთანხმდნენ. სახალხო დარბაზი ითხოვდა, რომ ბოლო დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები საკრებულოს პოლიტიკური თვალსაზრისით შეეფასებინა, -განსაკუთრებული აქცენტი პედაგოგების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე კეთდებოდა, - საკრებულოს იურიდიული და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ახალკაცი კი აცხადებდა, რომ ეს საკითხი საკრებულოს კომპეტენციას სცილდებოდა. სწორედ ამან გამოიწვია უთანხმოება. სახალხო დარბაზის წარმომადგენელმა თამაზ მაყაშვილმა ახალკაცი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ახალკაცი აცხადებს, რომ საკრებულოს ამ საკითხების განხილვის კომპეტენცია არ ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის დაფიქსირება საკრებულოსთან არსებულ დარბაზს შეეძლო, რაც განახორციელა კიდეც.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი იოსებ ბორცვაძე აცხადებს, რომ ახალმა ხელისუფლებამ შეხვედრის ჩაშლით საზოგადოებას დიალოგზე უარი უთხრა. მისი რეკომენდაციაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად გახსნილები იყვნენ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ, რათა იგივე არ დაემართოთ, რაც არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემართა.

პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის შესახებ საკრებულოსთან არსებულმა დარბაზმაც იმსჯელა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ კი პოლიტიკური შეფასებაც გააკეთა.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე ორივე დარბაზს მოუწოდებს, რომ გაერთიანებული ძალებით იმუშაონ და შექმნან ღია ჯგუფი, რომელიც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გასული წლების ანალიზს გააკეთებს.

მიუხედავად უთანხმოებისა, სახალხო დარბაზი საკრებულოსა და საზოგადოებრივ დარბაზთან კონსულტაციებს გამართავს და ამ საკითხებს მომავალშიც წამოსწევს.
XS
SM
MD
LG