Accessibility links

logo-print

ახალი რეალობა, ახალი პერსპექტივები მესამე სექტორისთვის


გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.

გორში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ.

გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელები შეხვდნენ. საუბარი არასამთავრობო სექტორის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას ეხებოდა. ახალი პოლიტიკური რეალობა და მესამე სექტორის პერსპექტივები, რა გავლენა ექნება ხელისუფლების ცვლილებას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, რა როლი უნდა შეასრულონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალ პოლიტიკურ რეალობაში, როგორ შეიძლება ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, რა ცვლილებებია შესატანი დონორების მიდგომაში - ამ და სხვა თემებზე დისკუსია 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ პროგრამა (G-PAC) არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტებით და სხვადასხვა სახის ტრენინგ-კონსულტაციებით მხარდაჭერას განაგრძობს. პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ქაროსანიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორს მეტი აქტიურობა და კრეატიულობა სჭირდება, რადგან დონორთა მოთხოვნები სულ უფრო იზრდება. მისი აზრით, შიდა ქართლში, სადაც ომის შემდეგ უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა, არასამთავრობო სექტორს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეუძლია.

გორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც პროექტების განხორციელებისას იჩენდა ხოლმე თავს. მათი აზრით, ძალიან რთული იყო ჩაკეტილ უწყებებთან ურთიერთობა. მაგალითად დასახელდა განათლების სისტემა, სადაც მასწავლებელთან გასაუბრებასაც კი მინისტრის ნებართვა სჭირდებოდა; შეუძლებელი იყო შეღწევა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის უწყებებშიც.

გორის ბიზნესცენტრის წარმომადგენელი ნინო მძინარაშვილი აცხადებს, რომ დონორებმაც მეტი ყურადღება ქვევიდან წამოსულ ინიციატივებს უნდა მიაქციონ.

ფატი ბუხრიკიძემ, ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „ქალი და განვითარება“, აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან დონორების შეხვედრა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პრიორიტეტები სწორად განისაზღვროს.

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“(EWMI) „საქართველოში საჯარო პოლიტიკის ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ 4 წლით. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში არასამთავრობო სექტორის უფრო აქტიურ და ეფექტიან მონაწილეობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG