Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულომ მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ახალი განკარგულება მიიღო


გორის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ 8 თებერვალს მიღებული განკარგულება გააუქმა და ახალი განკარგულება მიიღო. 11 მარტის განკარგულებაში ადგილობრივი ჟურნალისტებისა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების შენიშვნები სრულად იქნა გათვალისწინებული. ჟურნალისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია განკარგულების მე-3 და მე-4 მუხლები, სადაც აღნიშნულია, რომ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობის მიღების შემდეგ, პირველ და მეორე სართულებზე, ასევე გამგეობის შენობის მარცხენა ფლიგელის მესამე სართულზე დაიშვებიან დაუბრკოლებლად, თავისუფალი გადაადგილების უფლებით. გარდა ამისა, აკრედიტებულ და არააკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გაუვლელად დაესწრონ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებს, აგრეთვე ყველა იმ შეხვედრა-განხილვებს, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯაროა.

ახალი განკარგულება ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის მისაღებია და ისინი მიიჩნევენ, რომ ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მედიასთან ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

გამოცემა „ქართლი.გეს“რედაქტორის საბა წიწიკაშვილის აზრით, 11 მარტის განკარგულება ჟურნალისტს ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილებისა და ინფორმაციის მოპოვების სრულ თავისუფლებას აძლევს, რასაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.

ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ჟურნალისტი ნოდარ სხირტლაძე აცხადებს, რომ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ისევ პრობლემად რჩება საჯარო დაწესებულებებში ჟურნალისტების გადაადგილების საკითხი, ამიტომ თუ გორის მაგალითს ხაშურის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიც მიბაძავენ, ეს ხელისუფლებასა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს ჟურნალისტებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლებას საკრებულოს ტრიბუნიდან ყოველთვის ითხოვდა, მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ ახლა შეძლო, როცა საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.

ადგილობრივ ჟურნალისტებს 10 წელზე მეტია ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და ინფორმაციის მოპოვების პრობლემა ჰქონდათ, საშვთა ბიურო დამატებით ბარიერს ქმნიდა და მედიის წარმომადგენლებს კონკრეტული მოხელეებისგან კომენტარების მიღება უჭირდათ. ხშირი იყო კონფლიქტი შენობის დაცვის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. ხვალიდან მედიის წარმომადგენლებს უკვე შეეძლებათ საკრებულოს თავმჯდომარეს აკრედიტაციის ბარათების მოთხოვნით მიმართონ, ამ ბარათების მფლობელები კი შენობაში შეუზღუდავად შევლენ.
XS
SM
MD
LG