Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტში შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა და სამოქალაქო პროტესტი


„მეც პატიმარი ვარ“– ამ სახელწოდების საზოგადოებრივი მოძრაობა გორელი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში შექმნა და პირველი საპროტესტო აქციაც გამართა. „არ აწამო“, „სოლიდარობა პატიმრებს“ ,“არა ძალადობას“– ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გამოვიდნენ ახალგაზრდები მთავარ მოედანზე. აქციას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაგეგმეს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. გუშინ საღამოს, 2 საათის განმავლობაში გორელების ერთი ნაწილი მდუმარე აქციით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს აპროტესტებდა. ამ აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი დათა მაყაშვილი აცხადებს რომ საერთო აღშფოთების შემდეგ შესაძლებელი გახდა საზოგადოებრივი მოძრაობის სპონტანურად შექმნა.

პოლიტოლოგი შალვა ტლაშაძე მიიჩნევს, რომ სოლიდარობის აქციები სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების და გაძლიერების მაგალითია და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაგმოს ძალადობა.

ფილოლოგი ტარიელ გურგენიძე სიტყვებს ვერ პოულობს იმ აღშფოთების გადმოსაცემად, რომელიც მას ტელევიზორის ყურებისას დაეუფლა.

ორი დღის განმავლობაში პოლიტიკოსები გორის ქუჩებში საპროტესტო აქციებს მართავდნენ, მაგრამ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა რომ საერთო აქციებისთვის რესურსების გაერთიანება მოხდება. პოლიტიკოსები ამ აქციას როგორც მოქალაქეები ისე შეუერთდნენ, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მალხაზ ვახტანგაშვილის აზრით ნიშანდობლივია, რომ ინიციატივას უკვე განრისხებული საზოგადოება იღებს ხელში.

ახალი მემარჯვენეების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სოსო ბორცვაძის განცხადებით ახლა ყველა ნორმალური პოლიტიკოსი ხალხის გვერდით უნდა იყოს.

საპროტესტო აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ, რომლებმაც გორელებთან ერთად მშვიდობიანი მსვლელობა ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, ქალაქის პოლიციის სამართველოსკენ მოაწყეს. სამმართველოსთანც მდუმარე აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა
იღუმენი კოზმა (გუჯაბიძე) აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნია და ხალხთან სოლიდარობის გამოსახატავად მივიდა, მისი აზრით საზოგადოებამ გამოფხიზლება დაიწყო.

ორგანიზატორების განცხადებით გორში საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
XS
SM
MD
LG