Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა ნაციონალების გარეშე


გორში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების განხილვამ საპარლამენტო უმცირესობის გარეშე ჩაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა რუსთავის ინციდენტის შემდეგ უარი თქვეს განხილვაში მონაწილეობაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მათ გორიდან განხილვებში ჩართვისკენ მოუწოდეს. კოალიციის წევრი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ რუსთავის ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოცირებული იყო.

საპარლამენტო უმრავლესობამ განსახილველად შემოიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების 3 პროექტი. საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი პროექტი ეხება საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების საკითხს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მეორე ცვლილება საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმას გულისხმობს.

მესამე პროექტი კი საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტსა და კონსტიტუციური კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისათვის საჭირო კვორუმის საკითხებს ეხება.

აზრთა სხვადასხვაობას ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ უმაღლესი თანამდებობის დაკავებისა და კვორუმის დაწევის საკითხი იწვევს. საპარლამენტო უმრავლესობა საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმ ფაქტში, თუ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქეები იქნებიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის აზრით, ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გადაიხედება, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება.

დარბაზში, სადაც მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ცხარე დისკუსია გაიმართა. ვახტანგ ხმალაძეს არ ესიამოვნა, როცა ახალგაზრდა იურისტთა გორის ოფისის ხელმძღვანელმა მას დაფიქრებისკენ მოუწოდა.

გორის მკვიდრი არინა თავაქარაშვილი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს კონსტიტუციის გადასინჯვისათვის საჭირო კვორუმის სამი მეოთხედიდან ორ მესამედამდე დაწევას.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ცვლილებების ორ პროექტს მხარს არ უჭერენ. „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი გიორგი გამდლიშვილი ამ ცვლილებებში საფრთხეებს ხედავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა უკვე ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავსა და გორში. დისკუსიები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში 98 მხარდამჭერი უკვე ჰყავთ და ცვლილებებისთვის 2 დეპუტატის მოძებნაც არ გაუჭირდებათ. საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
XS
SM
MD
LG