Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში სტალინის მონუმენტი ისევ დაიდგმება


სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში მიმდინარე სამუშაოები
სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში მიმდინარე სამუშაოები
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გორში ისევ გააქტიურდა დისკუსია სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონუმენტი კერძო კოლექციონერმა 17 ათას დოლარად შეიძინა. გორელების ერთმა ნაწილმა ამ ინფორმაციის გადამოწმება და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი საკრებულოს მალე პეტიციით მიმართავს და 2010 წლის გადაწყვეტილების შესრულებას მოსთხოვს, საკრებულოს 2010 წლის 16 ივნისის დადგენილება კი სტალინის მონუმენტის ქალაქის ცენტრიდან მუზეუმის ტერიტორიაზე გადატანას ითვალისწინებდა. ეს დადგენილება ორი წელია, არ სრულდება. საინიციატივო ჯგუფს საკითხის ინიცირებისთვის ორიათასი ხელმოწერა სჭირდება. ამ ჯგუფის წარმომადგენელი შალვა ტლაშაძე აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვება პრობლემას არ წარმოადგენს - სამ დღეში უკვე 300 ხელმოწერაა შეგროვილი. მისი თქმით, საკრებულო ვალდებული იქნება მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინოს და ძეგლი მუზეუმის მიმდებარე სკვერში დადგას.

სტალინის მონუმენტის დემონტაჟი ქალაქის ცენტრალური მოედნიდან 2010 წლის 25 ივნისს, ღამით მოხდა. მაშინ მოსახლეობის ნაწილმა პროტესტი გამოთქვა და ძეგლის დაბრუნება მოითხოვა.

გორელების ერთი ნაწილი ძეგლის ძველ ადგილას, ქალაქის ცენტრში დაბრუნებას ითხოვს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ძეგლის ადგილი მუზეუმის ტერიტორიაზეა. გორელი ნათია ნადირაძის აზრით, ამ ძეგლის გამოყენება მხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით უნდა მოხდეს.

საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ გორის მოსახლეობის მოთხოვნა გათვალისწინებულ უნდა იქნეს და საკრებულომ თავისივე გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ძეგლის კერძო კოლექციონერზე გაყიდვას უარყოფს და აცხადებს, რომ მონუმენტი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ტეროტორიაზე ინახება. მისი თქმით, ამჟამად სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი მონუმენტის დადგმის ხარჯები იქნება გათვალისწინებული.

მიმდინარე წლის აპრილში გორში კულტურის და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდაო. ამ მიმართულებით ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. გარდა ამისა, რურუამ იქვე განაცხადა რომ ძეგლის დადგმა საერთოდ აღარ იგეგმებოდა. მას შემდეგ ექვსი თვე გავიდა, გორის საკრებულო კი პირობას დებს, რომ მომავალ წელს მონუმენტს სკვერში დადგამს.

XS
SM
MD
LG