Accessibility links

logo-print
მეორე დღეა გორელები ქუჩაშიც და სოციალურ ქსელებშიც ერთმანეთს ულოცავენ. ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ თვითმმართველობის კოდექსის პროექტის დამტკიცებაა. ადგილობრივი არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები დიდი ხნის განმავლობაში ამაოდ ითხოვდნენ გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაბრუნებას. ყოველი არჩევნების წინ პოლიტიკოსები პირობას დებდნენ, რომ ამ საკითხს მოაგვარებდნენ, მაგრამ დღემდე ეს ვერავინ შეძლო.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა იზრდება. ნაცვლად დღეს არსებული ხუთი ქალაქისა, თვითმმართველის სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობა 15 000-ზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტი ფორმირდება. სამინისტროს ცნობით, თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლიც არჩევითი იქნება. კოდექსის მიხედვით, სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება, რაც სოფლის მცხოვრებთა რეალური საჭიროების გამოვლენასა და მათ გადაწყვეტას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც საკრებულოს წევრები იქნებიან წარმოდგენილნი. ეს ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში იქნება ჩართული. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, თვითმმართველობის ახალი კოდექსის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ საზოგადოება მეტად იქნება ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში, ახალ თვითმმართველ ერთეულებში კი ახალი ადმინისტრაციების შექმნა იქნება საჭირო.

პოლიტილოგ შალვა ტლაშაძის აზრით, ახალი კოდექსი იძლევა საშუალებას ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უფრო ეფექტურად იმუშაონ. გარდა ამისა, ყველა მმართველის პირდაპირი გზით არჩევა მეტი დემოკრატიის მაჩვენებელი იქნება.

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის სახელზე წლების განმავლობაში გორისთვის ქალაქის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით არაერთი მიმართვა გაიგზავნა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით „საზოგადოებრივი დარბაზი“ აქტიურობდა. ახლა ფეისბუკში „დარბაზის“ გვერდზე ყველაზე მეტ მილოცვას სწორედ ამ საზოგადოებრივი გაერთიანების წევრები იღებენ. „დარბაზის“ წარმომადგენელი თამაზ მაყაშვილი აცხადებს, რომ დრო გამოაჩენს ამ რეფორმის სიკეთეს, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მეტი ადამიანი იქნება ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

არჩევნები დასრულდა, მაგრამ მალე ახალი არჩევნებისთვის დაიწყება მზადება. თვითმმართველობის კონცეფციისა და პროექტის მიხედვით, მომავალ წელს გორს არჩეული მერი ეყოლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG