Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

მოქალაქე ჟურნალისტები არჩევნების გაშუქების პროცესში


შეხვედრა პოლიტიკური ჩართულობის ცენტში, გორი
შეხვედრა პოლიტიკური ჩართულობის ცენტში, გორი
გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ადგილობრივ პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ახალგაზრდებთან და საზოგადოების აქტიურ წევრებთან, რომლებსაც ორგანიზაციის პროექტში ჩართვა შესთავაზეს.

პროექტში, რომლის სახელწოდებაა „მოქალაქე ჟურნალისტები გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნებისთვის“, საქართველოს 11 ქალაქია ჩართული. აქტიური მოქალაქეები და პროფესიონალი ჟურნალისტები შეეცდებიან მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ.

გორში შეხვედრებს სულ 120 კაცი დაესწრო. ამ პროექტის მთავარი იდეა სწორედ ის არის, რომ აქტიურმა მოქალაქეებმა და პროფესიონალმა ჟურნალისტებმა მომავალი არჩევნები კოორდინირებულად გააშუქონ. მოქალაქე ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას პროფესიონალები გადაამოწმებენ, რათა მაქსიმალურად ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. თითოეული ადამიანი პოტენციური მოქალაქე ჟურნალისტია და დიდი წვლილის შეტანა შეუძლია არჩევნების მრავალმხრივად, სამართლიანად და გამჭვირვალედ გაშუქებაში. სამწუხაროდ, პროფესიონალი ჟურნალისტები ყველგან და ყოველთვის ვერ იქნებიან, მაგრამ იქ, სადაც ახალი ამბავი ხდება, ყოველთვის იქნება მოქალაქე, რომელიც წამში შესაძლოა ჟურნალისტად იქცეს და საზოგადოებას ფასეული ინფორმაცია მიაწოდოს.

პროექტის ფარგლებში, მთელ საქართველოში, სტატიების გარდა, მომზადდება 3 სიღრმისეული რეპორტაჟი და გადაიღებენ 2 მოკლემეტრაჟიან ფილმს.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ია ანთაძის განცხადებით, ამ შეხვედრების დროს მოქალაქეებს პროექტის ფარგლებში მონაწილეობას, ინფორმაციის მოპოვებისა და ინფორმაციის გავრცელების სისტემაში ჩართვას სთავაზობენ.

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იყო კითხვები ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმზე, წყაროთა სანდოობაზე, მასალების ექსკლუზიურობაზე. ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პოლიტიკოსებში, ისე არასამთავრობო სექტორში, რადგან თითოეული ადამიანი შესაძლოა მოქალაქე ჟურნალისტად იქცეს და ამით ჰონორარიც კი მიიღოს. ერგნეთელი ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ ეს პროექტი, პირველ რიგში, საზოგადოებას სთავაზობს ფხიზლად იყოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გაშუქების პროცესში.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს არჩევნების კოორდინირებული გაშუქების კარგი გამოცდილება აქვს. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებაში 12 ქალაქის ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. წელს პროფესიონალებს უკვე მოქალაქე ჟურნალისტებიც დაემატებიან.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი ანალოგიურ შეხვედრებს სხვა ქალაქებშიც გააგრძელებს. პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდი (UNDEF).
XS
SM
MD
LG