Accessibility links

logo-print

ფოიერვერკი ოლიმპიელთა წარმატების აღსანიშნავად


გუშინ ღამით გორის ცაში კიდევ ერთხელ გაუშვეს ფოიერვერკი, რომელიც ლონდონში ქართველი ოლიმპიელების წარმატებულ გამოსვლას მიეძღვნა. საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული 7 მედლიდან 3 გორელმა სპორტსმენებმა აიღეს. ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გიორგი გოგშელიძე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ. გორელებმა სპორტსმენებს თეატრის სკვერში ემოციური და გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. ლაშას წარმატებით განსაკუთრებით სოფელ კარალეთის მცხოვრებლები ხარობდნენ.

ოლიმპიელები აეროპორტიდან პირდაპირ თეატრის სკვერში მივიდნენ, სადაც გორელებმა ისინი საპატიო დერეფანში გაატარეს და სცენამდე შეძახილებითა და აპლოდისმენტებით მიაცილეს. სცენაზე კი მათ ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანი სპორტსმენები და მწვრთნელები დახვდნენ. გორში ძიუდოს ფუძემდებელმა და არაერთი ჩემპიონის აღმზრდელმა გურამ პაპიტაშვილმა განაცხადა, რომ გორის ყულაბას კიდევ სამი ოლიმპიური მედალი შეემატა და, შოთა ჩოჩიშვილიდან მოყოლებული, ამ პატარა ქალაქს, ჯამში, უკვე 10 ოლიმპიური მედალი აქვს.

ლაშა შავდათუაშვილის მწვრთნელის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის გია თენაძის განცხადებით, გორელმა სპორტსმენებმა ეს გამარჯვება კონკრეტულ პირებს კი არ მიუძღვნეს, არამედ მთელ საქართველოს აჩუქეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ნამგალაურის თქმით, პირველად ხდება ისტორიაში, რომ გორელმა სპორტსმენებმა საკუთარ ქალაქში ერთდროულად სამივე სინჯის მედალი ჩაიტანეს.

გორელების ასეთი დახვედრით თვითონ სპორტსმენებიც გაკვირვებულები იყვნენ. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი მხოლოდ მადლობის თქმით შემოიფარგლა, ვერცხლის პრიზიორმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კი ოვაციების ფონზე სცენაზე დგომა კვარცხლბეკზე დგომას შეადარა.

ყველაზე გულდაწყვეტილი გიორგი გოგშელიძე ჩანდა, რომელიც ლონდონში ოქროს მედლის მოსაპოვებლად წავიდა, მაგრამ პეკინის ოლიმპიადის შედეგი გაიმეორა. გოგშელიძის თქმით, სპორტში ხშირად ისე არ ხდება, როგორც თვითონ გინდა. მესამე ადგილი მისთვის იმედგაცრუებაც არის და სიხარულიც.

გიორგი გოგშელიძეს, ასაკიდან გამომდინარე, გადაწყვეტილი აქვს სპორტს თავი დაანებოს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კი პირობას დებს, რომ აუცილებლად ოლიმპიურ ოქროს მოიპოვებს. რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს, ის უკვე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისთვის იწყებს მზადებას.
XS
SM
MD
LG