Accessibility links

logo-print
გორში პარასკევს გამართულმა საკრებულოს სხდომამ მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეს საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძისთვის წევრთა უმრავლესობას უნდობლობა უნდა გამოეცხადებინა; გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, გორის გამგებელს დავით ხმიადაშვილს გადადგომის შესახებ განცხადება უნდა დაეწერა. არც ერთი და არც მეორე ინფორმაცია არ დადასტურდა. საკრებულომ ბიუჯეტში მხოლოდ ცვლილებები შეიტანა, საკადრო ცვლილებების საკითხი კი საერთოდ არ დამდგარა. გორის საკრებულოს უმრავლესობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეადგენენ, საკრებულოს თავმჯდომარეც და გამგებელიც ნაციონალები არიან, მაგრამ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გორში ყველა ლაპარაკობს, რომ საკრებულოს ნაციონალურ უმრავლესობაში განხეთქილებაა, ნაწილს კი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მართავენ და საკადრო ცვილებების განხორციელებაც მათი შეკვეთით იგეგმება. საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ საკრებულოზე ზეწოლას არავინ ახდენს.

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რომ ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს სხვა რაიონებშიც ჩანს, მაგრამ გორში პროცესებს ჯერ არ აჩქარებენ. კოალიციის წარმომადგენელი ლექსო ვალიაური ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოების სახით დასაყრდენები რეგიონებში დარჩა, მაგრამ ცვლილებები აქაც მალე დაიწყება.

საკადრო ცვლილებაა რეგიონის გუბერნატორის სამსახურში. ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ვიცე-გუბერნატორად დაინიშნა, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ბასიშვილს ყოფილი ოპოზიცია ეგრეთ წოდებული ზონდერჯგუფების შექმნაში და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნაში ადანაშაულებდა, რასაც თვითონ ბასიშვილი კატეგორიულად უარყოფდა. გორელების ერთი ნაწილი ამჟამინდელ ვიცე-გუბერნატორს საერთოდ არ იცნობს. ნაწილი მას ციხეს უწინასწარმეტყველებს, ნაწილი კი დადებითად ახასიათებს.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ კულუარულად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან მუშაობს და მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ ორხელისუფლებიანობა მუნიციპალიტეტში არასასურველი და პროცესების შემაფერხებელია. ამიტომ, წინასწარი ინფორმაციით, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკადრო ცვლილებები უახლოეს ერთ თვეში მაინც განხორციელდება.
XS
SM
MD
LG