Accessibility links

logo-print
არასამთავრობო ორგანიზაციის „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის“ ორგანიზებით, გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მიტინგი გაიმართა. აქციის ორგანიზატორების აზრით, საქართველოს პრეზიდენტს 5 იანვრის შემდეგ ამ პოსტზე ყოფნის უფლება აღარ აქვს და იგი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნით არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, მომხრეებთან ერთად, პრეზიდენტის რაზიდენციასთან 4 იანვარს შეიკრიბებიან და იმ ხელმოწერებს ჩააბარებენ, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა. ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ უკვე 650 ათასი ხელმოწერაა შეგროვილი. მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების ნებას უნდა დაჰყვეს და თანამდებობა დატოვოს. მისი თქმით, ამ ხელმოწერების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ პრეზიდენტს ხალხის ნდობა აღარ აქვს.

მიტინგზე გორის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ ვახტანგაშვილიც გამოჩნდა, რომელმაც პრეზიდენტის გადადგომის თაობაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

მსახიობი გუჯა ბურდული აცხადებს, რომ პრეზიდენტს ულტიმატუმს 4 იანვარს წაუყენებენ და მოსთხოვენ, რომ 20 იანვრამდე თანამდებობა დატოვოს. მისი თქმით, ინაუგურაციის დღეს პრეზიდენტის უფლებამოსილების საკონსტიტუციო ვადა საბოლოოდ იწურება.

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით ირჩევა, ეს ვადა მიხეილ სააკაშვილს 2013 წლის 5 იანვრის შემდეგ მართლაც ეწურება, მაგრამ იმავე კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ლეგიტიმურობა 5 იანვრის შემდეგ უკვე აღარ ექნება და ყველას მოუწოდებენ, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მოედნებზე გამოვიდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG