Accessibility links

logo-print
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, თანამშრომლებმა გამგებლის მოადგილეს ზაზა ადუაშვილს სცემეს. თვითონ ადუაშვილი სამსახურში არ დადის და ჟურნალისტებთან რამდენიმე დღის განმავლობაში არ ურთიერთობდა. დღეს მან რადიო თავისუფლების ზარს უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ამბის შესახებ არ სურს საუბარი და უფრო კომპეტენტური პირებისკენ გადაგვამისამართა. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აცხადებს, რომ ბოლო დროს უამრავი ჭორი ვრცელდება, თუმცა არ გამორიცხავს, ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონოდა.

გორის გამგებელი პაპუნა კობერიძე ჩხუბის ფაქტს უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მოადგილე ზაზა ადუაშვილი დისციპლინური დარღვევების გამო დაისაჯა და სააღდგომო პრემიას ვერ აიღებს. კობერიძის თქმით, ადუაშვილი სამსახურს ხშირად უმიზეზოდ აცდენდა და ზოგიერთ გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან არ ათანხმებდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.ზაზა ადუაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ წევრია, დაპირისპირება კი „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებთან ჰქონდა. გავრცელებული ხმებით, ადუაშვილმა ყოფილი თანაგუნდელებისა და მაჟორიტარი დეპუტატის სოსო ვახტანგაშვილის ზურგს უკან დამოუკიდებელი თამაში დაიწყო და გადაწყვეტილებებს მათთან შეუთანხმებლად იღებდა, რაც დაპირისპირების და ხელჩართული ჩხუბის მიზეზი გახდა. ზაზა ადუაშვილის დამ, მაია ადუაშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამ ამბის შესახებ ასეთი ტექსტი გამოაქვეყნა: „ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელი აიღო ადამიანებზე, რომლებიც პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრები არიან“. მაია ადუაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ემიგრანტების მიერ შექმნილი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მაია ადუაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ თემის კომენტირება არ სურს, თუმცა დაადასტურა, რომ გამგეობაში იმაზე მეტი მოხდა, ვიდრე ამას გორის გამგებელი ამბობს.

ამჟამად ზაზა ადუაშვილი სამსახურში არ დადის. მას საყვედური არაერთხელ გამოუცხადეს და პრემიაზეც უარი უთხრეს. მის გარდა, გაფრთხილება კულტურის სამსახურის ორ თანამშრომელსაც მიეცა. ადუაშვილი გამგეობაში კულტურის სფეროს კურირებს. საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამგებლის მოადგილეს სამსახური არ დაუტოვებია, თუმცა გამგეობის იურიდიული სამსახური განმარტავს, რომ საჯარო მოხელის არაერთი გაფრთხილება, შეიძლება სამსახურიდან მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG