Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საარჩევნო ოლქის შედეგები უკვე ცნობილია


გორის 32-ე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნები ინციდენტის გარეშე მაინც ვერ დასრულდა. კარალეთის 48-ე საარჩევნო უბანში ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ ერთმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა უბანში ხელმეორედ შესვლა მოინდომა, უარის მიღების შემდეგ კი ფანჯრები ჩაამსხვრია, თუმცა ამან ხმების დათვლის პროცესზე გავლენა ვერ იქონია. საქმეში სამართალდამცავების ჩარევის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ, პროცედურული ხარვეზების მიუხედავად, არჩევნები მშვიდად ჩატარდა.

საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გორში უკვე ცნობილია. 32-ე საარჩევნო ოლქში არჩევნებში ამომრჩეველთა 46-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ხმების 62 პროცენტი გიორგი მარგველაშვილმა მიიღო, მეორე ადგილზე, 20 პროცენტით, დავით ბაქრაძე გავიდა. ნინო ბურჯანაძემ გორში ხმების 12 პროცენტი მიიღო.

გორში არჩევნებს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდებოდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გუშინ და დღეს სამი საჩივარი დაწერა, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ არჩევნები მშვიდად ჩატარდა, საუბნო კომისიებში კი, შენიშვნების შემდეგ, კომისიების წევრები წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორებას ცდილობდნენ.

გორსა და ქარელში არჩევნებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ დამკვირვებლებიც აკვირდებოდნენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირინა ფუტკარაძემ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ხშირ შემთხვევაში კომისიების მხრიდან არაპროფესიონალიზმი ფიქსირდებოდა.

გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება გორში გუშინვე აღნიშნეს, დღესაც მისმა მომხრეებმა დროშებით და საყვირებით ქალაქში ავტორბოლა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG