Accessibility links

logo-print

გორში მოხელეების შესარჩევი კონკურსისთვის ემზადებიან


გორის მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიებზე საბუთების წარდგენა 6 ნოემბერს დასრულდება, საკონკურსო კომისია კი ტესტირების ჩატარებას ნოემბრის ბოლოსთვის გეგმავს. მანამდე კონკურსანტების მიერ წარდგენილი საბუთები გადაირჩევა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის კომისიას გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ხელმძღვანელობს. კომისიაში საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წევრები, მოწვეული სპეციალისტები და პროფკავშირების წარმომადგენლები შედიან. გორის მერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და კონკურსის ჩატარების პირობებზე ისაუბრა. ჯირკველიშვილმა კომისიაში წევრის წარდგენა არასამთავრობო სექტორსაც შესთავაზა, თუმცა მათგან გამოხმაურება არ მიუღია.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის ყოფნა გორის მერის სურვილი იყო, თუმცა ეს ფაქტი კანონთან შეუსაბამო იქნებოდა, რადგან კანონმდებლობით ეს წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა.

გორის მერიასა და საკრებულოში საჯარო სამსახურებში დასაქმების მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა გააკეთონ. ამ დროისთვის მერიაში დასაკავებელ 91 ვაკანსიაზე უკვე 400-ზე მეტი განაცხადია გაკეთებული. პირველ ეტაპზე კომისია კონკურსანტთა საბუთებს გადაარჩევს, შემდეგ მოხდება ტესტირება, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტებს სხვადასხვა ზღვრული ბარიერი დაუწესეს. მაგალითად, თუ რომელიმე განყოფილების უფროსს 60 კითხვიდან ქულათა საერთო რაოდენობის 63 პროცენტზე, ესე იგი 38 კითხვაზე, მოეთხოვება სწორი პასუხის გაცემა, ჩვეულებრივი სპეციალისტისთვის ბარიერი უფრო დაბალია და 60 კითხვიდან მხოლოდ 51 პროცენტი, ესე იგი 31 სწორი პასუხის გაცემა მოეთხოვება. ბარიერგადალახული კონკურსანტები ბოლო ეტაპზე კომისიასთან გასაუბრებას გაივლიან. კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს რომ ტესტირება წინასწარ შერჩეულ შენობაში ჩატარდება.

კონკურსის ჩატარებას მონიტორინგს გაუწევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ამ ორგანიზაციამ შესაბამისი მოთხოვნით საკონკურსო კომისიას უკვე მიმართა. ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე დანიშვნისას გენდერული ბალანსი იქნეს გათვალისწინებული.

საია საკონკურსო კომისიას მოუწოდებს ზუსტად განსაზღვროს მოხელეების შესარჩევი პრიორიტეტები. ორგანიზაცია მერიას მოუწოდებს ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში ჩააყენოს.

XS
SM
MD
LG