Accessibility links

logo-print

გორში, თეატრის სკვერში, „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გამართეს. აქციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ახლგაზრდებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად მოწოდებები იყო დაწერილი. სკოლის მოსწავლე ანა კეკოშვილი ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფურცლებზე ამობეჭდილ ისტორიებს არიგებდა.

თეატრის სკვერში მცირე მიტინგიც გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ წარმომადგენელმა კატო ქოთოლაშვილმა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართული პეტიცია წაიკითხა. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად ქმედითი მექანიზმების შემუშავებას სთხოვენ.

ქალთა მოძრაობის წევრმა თინა მშვიდობაძემ მიტინგზე ქალთა მანიფესტი წაიკითხა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ, კანონმდებლობის გამკაცრების გარდა, აუცილებელია სამართალდამცავებმა სწრაფი და ქმედითი რეაგირება მოახდინონ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე.

ქალთა მოძრაობის წევრი ნანა ფერაძე აცხადებს, რომ დღევანდელ აქციაზე საზოგადოების წარმომადგენლებმა დაგმეს ძალადობა და ძალადობის მსხვერპლთ სოლიდარობა გამოუცხადეს. გარდა ამისა, აქცია საინფორმაციო ხასიათსაც ატარებდა.

გორის მერიის აპარატის უფროსი ნინო წეწვაძე მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ განათლების შეტანა საჭიროა როგორც საბავშო ბაღებში, ისე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

აქციის დასასრულს თეატრის სკვერში შეკრებილმა საზოგადოებამ ხელისუფლებისადმი შედგენილ პეტიციაზე საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირა.

XS
SM
MD
LG