Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქალი - აქტიური მოქალაქე“


ატენის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლელა შავდათუაშვილმა სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებისთვის გამართულ კონკურსში პრეზენტაცია მოამზადა, რომლის თემა „ქალი - აქტიური მოქალაქე“ იყო. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი, „მომავლის თაობა“, რომელიც საჯარო სკოლების მაღალ კლასებში ხორციელდება. ლელა შავდათუაშვილი ამბობს, რომ პრეზენტაციაზე მუშაობისას არაერთი წყარო მოიძია, რომელიც ქალების საზოგადოებაში ჩართულობას ეხებოდა.

ამ კონკურსის დახურვის ცერემონიალზე გორში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ჩამოვიდა. მან აქედან მიულოცა დედებს დღესასწაული და დემოკრატიის განვითარების პროცესში ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონკურსის დახურვა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, რომელსაც კონკურსში მონაწილე მოსწავლეები, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების რესურსცენტრის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ დირექტორი მარინა უშვერიძე აცხადებს, რომ კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის ქალთა ჩართულობა სამოქალაქო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გორში სამოქალაქო პროგრამის პარტნიორი საზოგადოება „ბილიკია“. ეს ორგანიზაცია მოსწავლეთა მონაწილეობით არაერთ აქტივობას ახორციელებს. „ბილიკის“ ხელმძღვანელი მარიკა მღებრიშვილი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებმა სასკოლო ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი ქალის როლის შესახებ, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ დისკრიმინაციის ის შემთხვევები, რომელთაც ახლა ვხვდებით საქართველოში.

პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ქალთა პრობლემების ირგვლივ მოსწავლეთა გააქტიურება, სხვადასხვა კონკურსებისა და ღონისძიებების სახით, რაც ამ თემების მიმართ ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ხელს შეუწყობს.

XS
SM
MD
LG