Accessibility links

logo-print

ვითარება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში


ხილის ბაღი ერგნეთში, ფონზე ოკუპირებული ცხინვალი.

ხილის ბაღი ერგნეთში, ფონზე ოკუპირებული ცხინვალი.

გორში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული ვითარების შესახებ სამოქალაქო მოსმენა გაიმართა. ამ დისკუსიის ორგანიზატორი „სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრია“. დარბაზში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები, იძულებით გადაადგილებული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც, მოხსენებების სახით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. საქართველოს მოქალაქეების დაკავებები ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით, სოფლებში უსაფრთხოების განცდის არარსებობა, ადამიანის გადაადგილების უფლების დარღვევა, დაკარგული მიწის ნაკვეთები და მათი რეგისტრაცია, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პრობლემები და ახალგაზრდების მიგრაცია სოფლებიდან - ამ თემებზე გაიმართა შეხვედრაზე დისკუსია. კონფლიქტის ზონის მცხოვრებლებმა არაერთი ინფორმაცია გაახმაურეს. სოფელ კოშკში მცხოვრები ლია მიქელაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ოკუპირებულ სოფელ დისევიდან გამყოფი ხაზის გასწვრივ მუდმივად შეინიშნება რუსეთის მესაზღვრეების გადაადგილება - ისინი სოფელში დარჩენილ შენობებს ძარცვავენ, წვავენ და შემდეგ ანადგურებენ. კოშკიდან ადგილობრივი მოსახლეობა კარგად ხედავს ხანძრის კერებს. გარდა ამისა, კოშკში სარწყავი სისტემის აღდგენაც დაიწყო, მაგრამ მესაზღვრეებმა ქართველ სპეციალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. ლია მიქელაძის თქმით, მოსახლეობა შეშინებულია და არ იცის, შეძლებს თუ არა საკუთარ ნაკვეთებთან მიახლოებას.

დისკუსია შეეხო იმ პროექტებსაც, რომლებსაც ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ომისგან დაზარალებულ სოფლებში ახორციელებენ. სოფელ ერგნეთში დასრულდა სახლების გადახურვა. ასევე დასასრულს უახლოვდება ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობაც. თითოეული ოჯახი მალე მიიღებს გაზს, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები სვამენ კითხვას, გადახდისუნარიანი იქნება თუ არა მოსახლეობა. ამიტომ მათი რეკომენდაციაა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებს განსაკუთრებული პირობები შეუქმნან. „რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრის - ერგნეთის“ ხელმძღვანელის ლია ჩლაჩიძის თქმით, სოფელში ახლა სარწყავი სისტემების აღდგენა მიმდინარეობს დაის იმედს გამოთქვამს, რომ წელს კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის 6-წლიანი სარწყავი წყლის პრობლემა მოგვარდება.

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი აცხადებს, რომ რეგიონებიდან ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია, პირველწყაროდან მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები კი ხელისუფლებამდე უნდა მივიდეს, რათა პრობლემების გადაჭრა დაიწყოს.

„სამოქალაქო მოსმენების კავკასიური“ ცენტრი, რეგიონებში ადგილზე არსებული პრობლემების გამოკვეთის მიზნით, შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG