Accessibility links

logo-print

გორის მთავარ ქუჩაზე მდგარი მაცივარი დღეში რამდენჯერმე ივსება და იცლება. „სოციალური მაცივარი“, „სოლიდარობის მაცივარი“, „ყველას მაცივარი“, „სახალხო მაცივარი“ - ამ სახელებით მოიხსენიებენ გორელები მაცივარს, რომელიც ახალგაზრდებმა 2 დღის წინ დადგეს. ამ პროექტის მთავარი იდეა ის არის, რომ ვისაც შესაძლებლობა აქვს, მაცივარში პროდუქტს ათავსებს, ვისაც არა აქვს, იქიდან იღებს. ამ იდეის ავტორი გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროაა“. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ დააფინანსა. „დროას“ ხელმძღვანელი შოთა ჩილინდრიშვილი აცხადებს, რომ პროექტის მთავარი მიზანი მოქალაქეებში სოციალური პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გაზრდაა.

სოციალურად დაუცველები მაცივარში დალაგებული პროდუქტებით უკვე სარგებლობენ. იდეის ავტორები ამ მაცივრის შემავსებლებსაც და პროდუქტების ამღებებსაც მაცივარზეა მიკრული სპეციალური სტიკერებით აფრთხილებენ, რომ პროდუქტების ვარგისიანობას ყურადღება მიაქციონ, მაცივარი არ დააზიანონ და ერთმანეთზე იზრუნონ. ადგილი მაცივრის განსათავსებლად ქალაქის მერიამ გამოყო. ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენელი ქეთი ხაჩიძე ამბობს, რომ მომავალშიც დააფინანსებენ იდეეებს, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იქნება გამიზნული.

გორის საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი თანამოქალაქეებს მოუწოდებს იაქტიურონ და უანგაროდ დაეხმარონ ქალაქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.

ამ მაცივარმა თითქოს საზოგადოება გააერთიანა. სოციალურ ქსელ ფეისბუკში „სოლიდარობის მაცივრის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლაგოდეხიდან ბათუმამდე ათასობით ადამიანი ითხოვს, რომ ასეთი პროექტი მათ ქალაქებშიც განხორციელდეს და გაჭირვებულ ადამიანებს ყოფა შეუმსუბუქდეთ. არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა ვარაუდითაც, პროექტი დიდხანს ვერ იცოცხლებს, მაცივარს დააზიანებენ და ასე შემდეგ. ასე არ ფიქრობენ იდეის ავტორი ახალგაზრდები, - ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საზოგადოებაში მუდამ იქნება სოლიდარობისა და სიკეთის კეთების სურვილი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG