Accessibility links

logo-print

გადადგა თუ გადააყენეს? - შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის საქმიანობის შეფასება


გორი

გორი

შიდა ქართლის გუბერნატორის განცხადება გადადგომის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ დააკმაყოფილა. გადადგა თუ გადააყენეს? - ახლა ეს კითხვა ყველაზე ხშირად ისმის გორში. კაბინეტში ჩაკეტილი, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი, დაპირისპირება რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებსა და საკრებულოს წევრებთან - ასე ახასიათებენ საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზურაბ რუსიშვილის თითქმის სამწლიან მოღვაწეობას შიდა ქართლში. მის გადადგომას წინ უძღოდა გორის მაჟორიტარი დეპუტატის, მალხაზ ვახტანგაშვილის, მოთხოვნა გადადგომის შესახებ. გარდა ამისა, კასპის საკრებულოს წევრები ზურაბ რუსიშვილს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევაში ადანაშაულებდნენ და პროკურატურას საქმის გამოძიებას სთხოვდნენ. გორელების ნაწილმა ყოფილი გუბერნატორის ვინაობა საერთოდ არ იცის, ნაწილი კი ვერ იხსენებს მის მიერ გაკეთებულ საქმეს.

ახალი „პოლიტიკური ცენტრის - გირჩის“ ხელმძღვანელი გორში კახა ტოლიაშვილი ყოფილ გუბერნატორს აკისრებს პასუხისმგებლობას გორში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის გამო. როგორც ცნობილია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრების მიერ უნდობლობაგამოცხადებულმა დეპუტატებმა ნდობა თავისივე გადამყენებლებს გამოუცხადეს. დღეს გორის საკრებულოს ხელმძღვანელები „ქართული პარტიისა“ და ბურჯანაძის „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები არიან.

საზოგადოებრივი გაერთიანება „გორის დარბაზის“ ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი ყურადღებას ყოფილი გუბერნატორის არაკომუნიკაბელურობაზე ამახვილებს. მისი აზრით, ახალი გუბერნატორის შერჩევისას პრემიერ-მინისტრმა აქცენტი, პირველ რიგში, პიროვნების საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარზე უნდა გააკეთოს.

საკრებულოს წევრი რესპუბლიკური პარტიიდან დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ ახალმა გუბერნატორმა წინამორბედის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს და მეტი კონტაქტი უნდა ჰქონდეს საზოგადოებასთან.

შიდა ქართლი ახალი გუბერნატორის დანიშვნის მოლოდინშია, მანამდე კი პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის მოვალეობას ყოფილი გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე შეასრულებს, რომელიც ამ თანამდებობაზე მოსვლამდე დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG