Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პედაგოგის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის თაობაზე


ია ბჟალავა
ია ბჟალავა
გორში დასრულდა ია ბჟალავას სასამართლო პროცესი. ბჟალავა მე-9 საჯარო სკოლის დირექტორს, ელენე ხაჩიძეს, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით თავის გათავისუფლებაში ადანაშაულებდა და სამსახურში აღდგენას მოითხოვდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა ბჟალავას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პედაგოგს ადვოკატირებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწევდა. ასოციაციის იურისტის ნონა ასკილაშვილის განცხადებით, მოსამართლემ უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის ელენე ხაჩიძის ინტერესებს პროცესზე ეკა ხუციშვილი იცავდა, მთელი პროცესის განმავლობაში იგი აქცენტს შრომის კოდექსზე აკეთებდა და აცხადებდა, რომ დირექტორი კანონის ფარგლებში მოქმედებდა, როცა ბჟალავას გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებდა. სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხუციშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

4 შვილის დედა ია ბჟალავა გორის მე-9 საჯარო სკოლაში 22 წლის განმავლობაში მასწავლებლად მუშაობდა. ამ ხნის მანძილზე მას ერთი შენიშვნაც კი არ მიუღია და ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ფილოლოგად ითვლება. სერტიფიცირებულ პედაგოგთან სკოლის დირექტორმა ხელშეკრულება ისე შეწყვიტა, რომ მისთვის მიზეზი არ აუხსნია. ია ბჟალავამ მისი გათავისუფლება მეუღლის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა. თამაზ მაყაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთი ლიდერია. 2010 წელს იგი პოლიციელებთან შელაპარაკების გამო დააკავეს და რამდენიმე დღით დააპატიმრეს. მაშინაც მის საქმეს იგივე მოსამართლე, დავით პაპუაშვილი, განიხილავდა. მოგვიანებით მაყაშვილი ყოფილმა სახალხო დამცველმა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა. მოსამართლე პაპუაშვილმა ია ბჟალავას საქმეზე გადაწყვეტილება იმავე დარბაზში გამოაცხადა, სადაც ორი წლის წინ მაყაშვილის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს დასრულების შემდეგ ია ბჟალავას ეღიმებოდა - მისი თქმით, ეს იყო ირონიული ღიმილი ქართული მართლმსაჯულების მიმართ.

ია ბჟალავა ბრძოლის გაგრძელებას ბოლომდე აპირებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, ბოლო ხანებში გორის რაიონში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ გათავისუფლებულ პედაგოგს სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საქმე მოეგოს, რადგან მოსამართლეები შრომის კანონმდებლობას იყენებენ და ყურადღებას განათლების შესახებ კანონს არ აქცევენ, რომლის მიხედვითაც მასწავლებლის გათავისუფლების დროს მოტივი გამოკვეთილი და დამტკიცებული უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG