Accessibility links

გორში აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა საპროტესტო აქცია ლომჭაბუკის მემორიალთან განახლდა. აქციის მონაწილეებს დილიდან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეუერთდა. მან მოვაჭრეებთან ერთად ქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო და ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო მიტინგი გამართა. ნათელაშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას და საქმის ვითარებაში გარკვევას მოითხოვდა. გორიდან ნათელაშვილმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.

ამ განცხადებებმა აქციის ზოგიერთი მონაწილის პროტესტი გამოიწვია და ნათელაშვილს პოლიტიკური პიარის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ლეიბორისტების ლიდერსა და საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით ნათელაშვილი და აქციის მონაწილეების საინიციატივო ჯგუფის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბაზრის მოვაჭრეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აგრარული ბაზრის ქალაქის ცენტრში შენარჩუნების სურვილი და მთავრობას თანადგომისკენ მოუწოდეს.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის ინფორმაციით, აგრარული ბაზრის მფლობელი, „საქართველო-ისრაელის მენეჯმენტის კომპანიის“ წარმომადგენელი საქართველოში ორ დღეში ჩამოვა და მასთან მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა გორის ბაზრის საკითხი.

შეხვედრაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლებას დღესვე გაუგზავნის წერილს, რათა ისრაელის კომპანიამ, პირველ რიგში, მოვაჭრეების ინტერესები გაითვალისწინოს.

ხელისუფლებამ მოვაჭრეებს პირობა მისცა, რომ მათ ახალ ბაზარში იძულებით არავინ გადაიყვანს და მოთმინებისკენ მოუწოდა. მეოთხე დღეა გორის ბაზრის მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს მართავენ და აგრარული ბაზრის ქალაქგარეთ შესაძლო გადატანას აპროტესტებენ. ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბაზრის მფლობელებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ ბაზარი 20 იანვრიდან ქალაქგარეთ გადავიდეს. დღეს ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა და ვიდრე ყველა დეტალი ბოლომდე არ გაირკვევა, მოვაჭრეებს პრობლემას არავინ შეუქმნის. ეს ინფორმაცია ქალაქის ცენტრში შეკრებილებს საპროტესტო მიტინგზე ისევ ლეიბორისტების ლიდერმა მიაწოდა და პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცადა.
XS
SM
MD
LG