Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ბიუჯეტის საკითხზე "ნაციონალები" და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქტიურად თანამშრომლობენ


დაახლოებით ერთ კვირაში გორის მუნიციპალიტეტს ახალი ბიუჯეტი ექნება. ამჟამად ბიუჯეტის პროექტში ტექნიკური შესწორებები შედის და მალე ახალ ბიუჯეტს საკრებულო კენჭს უყრის. გორში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც საკრებულოს უმრავლესობას წარმოადგენს, და კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელმაც მუნიციპალიტეტის გამგეობა დააკომპლექტა, ბიუჯეტის საკითხზე ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. კვირაზე ცოტა მეტია, რაც გორში გამგეობის ხელმძღვანელობა შეიცვალა - ყოფილმა გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, მას მოადგილეებმაც მიბაძეს, საკრებულომ კი ახალი გამგებლის პოსტზე „ქართული ოცნების“ წევრი პაპუნა კობერიძე დაამტკიცა. პროცედურულად ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს გამგეობა წარუდგენს, საკრებულო განიხილავს და შენიშვნებით გამგეობას უკან უბრუნებს, შესწორებების შემდეგ პროექტი საკრებულოზე დასამტკიცებლად კიდევ ერთხელ შედის. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ამბობს, ბიუჯეტის პროექტმა ყველა პროცედურა უკვე გაიარა და დღის წესრიგში დამტკიცებაღა რჩება. ხმალაძის თქმით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული, კულტურულ–საგანმანათლებლო და სოციალური პროექტები რჩება.

ბიუჯეტის პროექტი ძველმა გამგეობამ შეადგინა, ამიტომ გამგეობის ახალი შემადგენლობა პარამეტრების დაზუსტებაზე უკვე აქტიურად მუშაობს. ახალი გამგებელი პაპუნა კობერიძე აცხადებს, რომ პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის და სოციალური მიმართულებები იქნება. გორელების აზრი ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია - ნაწილი მიიჩნევს, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს პრიორიტეტული, ნაწილი კი უპირატესობას განათლების დაფინანსებას ანიჭებს.

კვირის ბოლომდე ყველა პარამეტრი დაზუსტდება და ტექნიკური სამუშაოები დასრულდება. 2013 წლის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კი დაახლოებით 18 მილიონი ლარით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG