Accessibility links

logo-print
გორის თეატრში დაახლოებით 100 კაცი ერთი მიზნით შეიკრიბა - დაეფუძნებინათ საზოგადოება, რომელიც აქტიურ მოქალაქეებს გააერთიანებს და გორის რაიონში არსებულ პრობლემებზე რეაგირების პასუხისმგებლობას იტვირთებს. შეკრებილთაგან ზოგიერთმა „გორის დარბაზს“ ალტერნატიული საკრებულოც კი უწოდა. გორის დარბაზის მმართველი ორგანო იქნება გამგეობა, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო გააკონტროლებს, არჩევნებს კი საერთო კრება ჩაატარებს. დარბაზის მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვა და ადგილობრივი ხელისუფლების მონიტორინგი იქნება. დარბაზის წევრების თქმით, სამოქალაქო საზოგადოება დღეს ძალიან აქტიურია და წარსულის შეცდომები რომ აღარ განმეორდეს, ეს აქტიურობა მაქსიმალურად უნდა გაგრძელდეს. საზოგადოებამ მარტო არჩევნებში კი არ უნდა მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი, არამედ გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გიორგი ჭონიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ საკრებულოში დარბაზის წევრებიც მოხვდნენ - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი რაიონის პრობლემები კარგად იციან და მათი გადაჭრის გზებზეც ნაფიქრი აქვთ.

დარბაზის დაფუძნებას გორი-სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) დაესწრო. გადაწყვეტილია, რომ სამეთვალყურეო საბჭოში სასულიერო პირები და ჟურნალისტები შევლენ, რომლებიც დარბაზის გამგეობის მუშაობას გააკონტროლებენ. ადვოკატი ზაზა გიგაური დარბაზს იურიდიული საკითხების მოგვარებაში დაეხმარება. მისი აზრით, სამოქალაქო საზოგადოება გორში არა მარტო პროტესტისთვის, არამედ უკვე შენებისთვის აქტიურდება.

მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ გორში კარგი საქმე დაიწყო და ახლა საორგანიზაციო ჯგუფმა ამ საქმეს ენერგიულად უნდა მოჰკიდოს ხელი, რათა იდეა ბოლომდე განხორციელდეს.

დარბაზის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, თამაზ მაყაშვილი, აცხადებს, რომ ამ გაერთიანების კარი ყველასთვის ღიაა. მისი თქმით, დარბაზი უნდა გახდეს ადგილი, სადაც გორელები ყველა საჭირბოროტო საკითხზე იმსჯელებენ და არც ერთ პრობლემას რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.

დარბაზი ორ კვირაში კიდევ ერთხელ შეიკრიბება, წესდებას დაამტკიცებს და გამგეობის არჩევნებს ჩაატარებს. აღსანიშნავია, რომ ამ საზოგადოებრივ გაერთიანებას ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი არ ეყოლება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG