Accessibility links

logo-print

საფეხბურთო კლუბი გორის “დილა” აუქციონზე გაიყიდა. კლუბის საწყის თანხად 312 850 ლარი იყო დასახელებული. ისრაელის ბიზნესჯგუფმა „დილა” 344 000 ლარად შეიძინა. დამატებით, ახალ მფლობელს მოუწევს შეასრულოს გარკვეული პირობები, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტმა მას კლუბის გასხვისებისას წაუყენა. კერძოდ, ინვესტორმა უნდა დაფაროს ბანკის მიმართ კლუბის 750-ათასიანი დავალიანება და წლის ბოლომდე ნახევარ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. გარდა ამისა, ქალაქში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვისაც უნდა დახარჯოს თანხა.

ჩემპიონატის დაწყების წინ გორის „დილაში“ კრიზისი დაიწყო. ფინანსური პრობლემების გამო კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს. 2 წლის წინანდელ ჩემპიონ გუნდს უმაღლეს ლიგაში ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა. ამ დროს გამოჩნდა კლუბის შეძენის მსურველიც, მაგრამ დოკუმენტაციის გაფორმებამ დიდი დრო წაიღო, კლუბი მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო. აიპი გორის „დილა“ კი ჯერ შ.პ.ს -დ გადაკეთდა. ამის შემდეგ საკრებულომ კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს წევრების თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ამის შემდეგ მილიონი ლარით დაიზოგება. სწორედ ამ თანხით აფინანსებდა გორის მერია ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს. საკრებულოს წევრი ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ გორის „დილაში“ კრიზისი მალე დასრულდება, რადგან მეპატრონე კლუბის განვითარების პირობას დებს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ყოფილ თავმჯდომარეს, ილია მეტრეველს. მისი აზრით, ჯერ უნდა გაირკვეს, რატომ ერიცხება კლუბს დავალიანება და რატომ არ ასაჯაროებს მერია აუდიტის დასკვნას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა.

ისრაელის ბიზნესჯგუფმა მხოლოდ კლუბი გორის „დილა“ შეიძინა, სტადიონი და სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ისევ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. გარდამავალი ჩემპიონატი გორის „დილამ“ არასტაბილურად დაიწყო. გუნდში ლეგიონერებიც გამოჩნდნენ, ახალმა ინვესტორმა ფეხბურთელები ისრაელიდან, განიდან და ნიგერიიდან ჩამოიყვანა. საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ გორის „დილა“ წითელ ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ პრაქტიკულად ახალმა კლუბმა შეთამაშება ჯერ ვერ შეძლო და ხარვეზები მეორე წრეში გამოსწორდება. სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების თქმით, ახალი სეზონიდან კლუბის კიდევ უფრო გაძლიერება და ჩემპიონობისთვის ბრძოლა იგეგმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG