Accessibility links

logo-print

გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონია


წუხელ გორში ზეიმი იყო. დილამ ღამე გაანათა. ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბი „დილა“, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონი გახდა. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე სამტრედიაში გამარჯვებით გორელებმა ვადაზე ადრე იზეიმეს გაჩემპიონება, მათმა უშუალო კონკურენტმა ბათუმის “დინამომ” კი ბოლნისის “სიონთან” წააგო, რამაც უკვე შეუძლებელი გახადა გორის „დილას“ დასწეოდა. “დილის“ ავტობუსი სამტრედიიდან გორში ღამის 12 საათისთვის ჩამოვიდა. გულშემატკივრები გუნდს სტადიონთან დახვდნენ და მათთან ერთად იზეიმეს. სამტრედიაში გამარჯვების გოლი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ გაიტანა.

სეზონის დასაწყისში კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და არავის ეგონა, თუ „დილა“ ჩემპიონობისთვის იბრძოლებდა. გარდა ამისა, 25 წლის მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის შესაძლებლობებსაც სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელმა ბრძოლისუნარიანი გუნდი შეკრა. სოსიაშვილმა ეს გამარჯვება გორელ გულშემატკივრებს მიუძღვნა.

ალან ბაგაევი „დილაში“ ვლადიკავკაზიდან გადმოვიდა. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს მისი მშობლები იძულებულნი გახდნენ კახეთიდან ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში დევნილებად წასულიყვნენ. გორის „დილის“ მცველმა პირველი, რაც გააკეთა, საკუთარ ბუცებზე საქართველოსა და ალანთა დროშები დახატა. ალანი დღეს ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონობით ბედნიერია.

ფეხბურთის გულშემატკივრები

ფეხბურთის გულშემატკივრები

გორის „დილის“ ფანებზე საუბარი დიდხანს შეიძლება. სტადიონის აღმოსავლეთი ტრიბუნა ყოველთვის მათ განკარგულებაშია. საკუთარ თავს ჯუნგლებს უწოდებენ და გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობენ. გორელი ფანები გასვლით თამაშებზეც დადიან და მეთორმეტე ფეხბურთელის ფუნქციას ასრულებენ. გელა ელიაშვილი 50 წელია „დილის“ ამ წარმატებას ელოდა.

ყოველი თამაშისას თეა კეჩხუაშვილის ხმა სტადიონზე გამორჩეულად ისმის ხოლმე. ყველაზე დიდი გამარჯვების დროსაც სამტრედიაში გუნდთან ერთად იყო.

ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდება. გორის „დილა“ დასკვნით შეხვედრას გორში „ვიტჯორჯიასთან“ გამართავს და სწორედ აქ გადაეცემათ მათ ჩემპიონობის ოქროს მედლები. ასე რომ, ქალაქში ერთი დღესასწაული კიდევ გაიმართება. ამის შემდეგ კი „დილა“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG