Accessibility links

logo-print

გორის მერიასა და საკრებულოში საჯარო მოხელეების თანამდებობებზე დასანიშნად გამოცხადებული კონკურსის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საკრებულომ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს კანონში „საჯარო სამსახურის შესახებ“ ცვლილება შეიტანა და მუნიციპალიტეტებში კონკურსების ბოლო ვადა 31 ოქტომბრის ნაცვლად 31 დეკემბრით განსაზღვრა, გორის მერიაში კონკურსის გადადებას დეკემბრისთვის არ აპირებენ. ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ საორგანიზაციო საკითხების მომზადება ერთ თვეში მოესწრება და ამ ხანებში კონკურსიც ჩატარდება. მისი თქმით, საკონკურსო პირობები რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი იქნება.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველები ტესტირებას გაივლიან, მეორე ეტაპზე კი გასაუბრება შედგება. კონკურსი არ შეეხებათ მერის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს. გორში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა ქალაქის მერს საკონკურსო კომისიაში მესამე სექტორის წარმომადგენლების შეყვანაც ურჩიეს. შეხვედრაზე, რომელიც მერსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გაიმართა, გადაწყდა, რომ კომისიაში ერთ წევრს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვითონ შეარჩევენ. გარდა ამის, რამდენიმე ორგანიზაცია კონკურსის მონიტორინგს აპირებს. მერიასა და საკრებულოში აცხადებენ, რომ ეს კონკურსი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ობიექტურად ჩაივლის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში აცხადებენ, რომ კონკურსი ობიექტურად ვერ ჩატარდება. პარტიის წარმომადგენლის კახა ლობჟანიძის აზრით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერებს პარტიის აქტივისტებისა და ნათესავების დასაქმება აქვთ გადაწყვეტილი. მისი თქმით, კონკურსის ობიექტურობას უკვე ის ფაქტი გამორიცხავს, რომ მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს ის არ ეხებათ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ საკონკურსო კომისიამ საჯარო მოხელის დასანიშნად ყურადღება უნდა მიაქციოს მის კვალიფიკაციას, განათლებას და პროფესიულ გამოცდილებას.

მერიაში კონკურსი ასამდე ვაკანსიაზე გამოცხადდება. მერიისგან განსხვავებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. რაიონის საკრებულოს ჯერ კომისიის შექმნაზე არ უმსჯელია. სავარაუდოდ, გამგეობა კანონით განსაზღვრულ ვადებს ბოლომდე გამოიყენებს და მოხელეთა შესარჩევ კონკურსს დეკემბრის ბოლოს დანიშნავს.

XS
SM
MD
LG