Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოში თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი დაიწყო


გორის საკრებულოს წევრების დიდმა ნაწილმა, 9 კაცმა, თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაიწყო. შესაბამისი განცხადება საკრებულოს აპარატში უკვე შევიდა. ილია მეტრეველისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას საკრებულოს წევრები 5 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე გეგმავენ. ილია მეტრეველი ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრია და ის საკრებულოს ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ, წინა თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ აირჩიეს. დღეს საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ მეტრეველმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და იგი მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებების შემსრულებლად იქცა.

საკრებულოს წევრებს რამდენჯერმე ჰქონდათ მცდელობა მეტრეველისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა დაეწყოთ, მაგრამ პარტია „ქართული ოცნება“ ამ პროცესისგან დისტანცირებას ახდენდა და საკითხი ვარდებოდა, საკრებულოს ოპოზიცია კი ოქრუაშვილსა და მმართველ პარტიას შორის გარიგებაზე ლაპარაკობდა. ამჟამად ხელმომწერთა შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიც არიან. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი თამარ თედლიაშვილი დიდი ხანია თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვს. მისი აზრით, მეტრეველი ქალაქის ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებს.

თავმჯდომარის გადაყენების მომხრეა მისივე მოადგილე, საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი, ზურაბ როსებაშვილი. მისი თქმით, ილია მეტრეველი დიდი ხანია არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს, კონკურსის წესით შერჩეულ თანამშრომლებს თანამდებობიდან ათავისუფლებს და მათ ადგილზე თანაპარტიელებს ნიშნავს.

„ქართულმა ოცნებამ“ ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობა რამდენიმე თვის წინ დაკარგა, როცა ოპოზიციამ გაერთიანება შეძლო და ყოფილი თავმჯდომარე, პაპუნა კობერიძე, გადააყენა, თუმცა ამ გაერთიანებამ ახალი თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, ოქრუაშვილის გუნდი ოპოზიციას გამოეყო და, „ოცნების“ დახმარებით, თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატურა გაიყვანა. დღეს ვითარება შეცვლილია. მმართველი პარტიის რიგები შეივსო, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასული დავით წეწვაძე ახლა „ქართული ოცნების“ წევრია. შესაბამისად, პარტია უმრავლესობას უკვე ფლობს, მაგრამ მეტრეველის საქმიანობით უკმაყოფილო სხვა დეპუტატებიც არიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ საკრებულოს ხელმძღვანელობის შეცვლა აუცილებელია.

საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს და ყველას ურჩევს რიგგარეშე სხდომას დაელოდოს. გორის 15-კაციან საკრებულოში 8 ხმაა საჭირო იმისათვის, რომ თავმჯდომარის იმპიჩმენტი განხორციელდეს. ხელმოწერებით დასტურდება, რომ მეტრეველის წინააღმდეგ 9 დეპუტატი აძლევს ხმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG