Accessibility links

ყადაღა თუ ინკასო - ვინ თამაშობს სიტყვებით?


საქართველოს მთავრობის კანცელარია

საქართველოს მთავრობის კანცელარია

საქართველოს მთავრობის განცხადებით, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშები არ არის გაყინული და, კოალიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპირისპიროდ, ფულის მოძრაობა ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენება არ ფერხდება. საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას წინ უძღოდა 21 აგვისტოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების - დანიელი დეპუტატის მიკაელ იენსენისა და ლატვიელი დეპუტატის ბორის ცილევიჩის - განცხადება კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით, ”რითაც ხელი ეშლება” კოალიციის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ანგარიშებს ინკასო ადევს, გასულ კვირას გახდა ცნობილი. საქართველოს მთავრობა 22 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ”კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები“. „ქართულ ოცნებაში“ კი მთავრობის ეს განცხადება შეფასდა როგორც სიტყვებით თამაში.

”საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ გაყინა "ქართული ოცნების" ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები. არც ერთი პარტიის ანგარიში არ არის გაყინული”, - ასე იწყება საქართველოს მთავრობის 22 აგვისტოს გავრცელებული განცხადება.

საქართველოს მთავრობის ამ განცხადებას ”სიტყვებით თამაშს და კეკლუცობას” უწოდეს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი და კოალიციის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიგლა აგულაშვილი, რადგან ”ანგარიშის გაყინვა” ყადაღას გულისხმობს, ხოლო ინკასოს დადება, რაც განხორციელდა კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებზე, საბუღალტრო ენაზე ნიშნავს ”დავალებას ფულის ჩამოწერის თაობაზე”. ყადაღის შემთხვევაში ანგარიშზე არსებული თანხა ხელუხლებლად იყინება, ისე რომ მას
ყადაღა არ ადევს? ე.ი ინკასოა? ჩამოიჭრება რაღაც თანხა და მოძრაობა ისევ არის? მთლიან თანხას არ აჭრიან? ერთდროულად არ ითხოვენ 2 მილიონ-ნახევარს მარტო ამ ჯარიმისას? აი, ამით უნდათ გავიდნენ ფონს, მაგრამ ეს არის კეკლუცობა, რადგან როცა მარტო 10 ათასი ლარი გაქვს ანგარიშზე და მთლიანად გაჭრის 10 ათას ლარს, ახლა ვთქვათ, რომ ეს ინკასოა და ყადაღა არ არის, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რას დავარქმევ? როცა პრობლემა იგივეა, გინდა ყადაღა იყოს, გინდა ინკასო...

ვერც მისი მფლობელი იყენებს და ვერც სახელმწიფო, ინკასოს შემთხვევაში კი ანგარიშზე არსებული ან ნებისმიერ დროს ჩარიცხული თანხა, დავალიანების დაფარვის მიზნით, - ამ კონკრეტულ შემთხევევაში, სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ დავალიანების დასაფარად, - ჩამოიჭრება. თანხა ინკასოს შემთხვევაშიც მისი მფლობელისთვის უმეტესად მიუწვდომელი ხდება. გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ამ ტერმინებით მანიპულირებას მთავრობა საზოგადოების დასაბნევად მიმართავს.

”ყადაღა არ ადევს? ე.ი ინკასოა? ჩამოიჭრება რაღაც თანხა და მოძრაობა ისევ არის? მთლიან თანხას არ აჭრიან? ერთდროულად არ ითხოვენ 2 მილიონ-ნახევარს მარტო ამ ჯარიმისას? აი, ამით უნდათ გავიდნენ ფონს, მაგრამ ეს არის კეკლუცობა, რადგან როცა მარტო 10 ათასი ლარი გაქვს ანგარიშზე და მთლიანად გაჭრის 10 ათას ლარს, ახლა ვთქვათ, რომ ეს ინკასოა და ყადაღა არ არის, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის რას დავარქმევ? როცა პრობლემა იგივეა, გინდა ყადაღა იყოს, გინდა ინკასო”, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელი მდივანი და კოალიციის საფინანსო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიგლა აგულაშვილი.

შესაბამისად, შედეგის თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ ანგარიშს ყადაღა ედება თუ ინკასო, გიგლა აგულაშვილი განსხვავებას ვერ ხედავს, რადგან თანხა კოალიციისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მიუწვდომელია და მათთვის არც ის არის ცნობილი, ანგარიშიდან როდის რა რაოდენობის თანხა ჩამოიჭრება.
ინკასოს შემთხვევაში, კოალიციის წევრებს თანხაზე ხელი შეიძლება მიუწვდებოდეთ მხოლოდ იმ დროს, როცა ბანკები ანგარიშებზე ოპერაციის სამუშაო საათებს ასრულებენ, ამბობს საბანკო ექსპერტი ლია ელიავა, ეს დრო კი საღამოს 5 საათიდან დილის 9 საათამდეა. თუმცა ექსპერტს საქართველოში ამ შესაძლებლობის გამოყენებაც სათუოდ მიაჩნია:

”დავუშვათ, საღამოს 5 საათამდე დაჯდა თანხა ანგარიშზე. მაშინ ბანკი ნორმალურ ქვეყანაში ამ თანხაზე რეაგირებას არ ახდენს მომავალი საოპერაციო დღის დაწყებამდე. ანუ ეს არის დრო, - საღამო და დილა, - როცა მფლობელს შეუძლია თანხის გამოტანა ბანკომატების მეშვეობით, ანუ ეს პერიოდი პრაქტიკულად ხელმიუწვდომელი იქნება სახელმწიფო ორგანოებისათვის, სანამ ბანკი არ გასცემს შეტყობინებას, რომ თანხა დაჯდა ამ ანგარიშზე.”

თუმცა საბანკო ექსპერტი ლია ელიავა ამბობს, რომ საბანკო ანგარიშების მფლობელი ამ შესაძლებლობასაც ვერ გამოყენებს, რადგან საქართველოში, როგორც წესი, ფული ანგარიშზე თანხის გამოჩენისთანავე იხსნება.

პასუხად ”ქართული ოცნებისა” და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებისა, რომ კოალიცია ”ქართული ოცნების” საბანკო ანგარიშების დაბლოკვით ”ხელი ეშლება” მის მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში, მთავრობა აცხადებს, რომ წინა თვეში "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად 730 000 ლარი შეაგროვა, დაკისრებული ჯარიმის საფუძველზე კი ამ თანხის მხოლოდ 17% იქნა ამოღებული. „საერთოდ, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე "ქართულმა ოცნებამ" შეაგროვა 44 539 123 ლარი (26 მილიონზე მეტი - კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი - უკანონო შემოწირულებების სახით). შესაბამისად, 122 000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას”, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
მაია ფანჯიკიძე

მაია ფანჯიკიძე


„ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე კი ამბობს, რომ 2011 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე მოზიდულია 10 მილიონი ლარი, ხოლო მთავრობის განცხადებაში მოყვანილი რიცხვები არის ჯამი „ოცნების“ მიერ რეალურად მოზიდული შეწირულებისა და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების:

”კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პოლიტიკური პარტიების მიერ 2011 წლის 1 ნიემბრიდან დღემდე მოზიდულია მხოლოდ 10.5 მლნ ლარის შემოწირულება. ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სრულიად უკანონოდ და დაუსაბუთებლად კოალიციის შემოწირულებად ჩათვალა ბიზნესსუბიექტების მიერ საკუთარი კომერციულად მომგებიანი პროქტების დაფინანსება და ინვესტირება. ”

კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო იმ ჯარიმის ამოღების მიზნით დაედო, რომელიც კოალიციას ივნისში დაეკისრა. ჯარიმა - 2.38 მილიონი ლარი - ხუთმაგი ოდენობაა მაშინდელი კონტროლის პალატის მხრიდან კომპანია „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ კოალიციის ოფისების დაქირავებისა და სარემონტო სამუშაოებისთვის გაღებული, უკანონო შემოწირულებად მიჩნეული, თანხისა.

22 აგვისტოს, გვიან საღამოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განცხადება გაარცელა, რომლის მიხედვითაც “აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ...

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", „ეროვნული ფორუმი", „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", „საქართველოს კონსერვატიული პარტია", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და ააიპ „საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება", ჯარიმის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 2 859 717 06 ლარის გადახდა.
დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122,000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.

აღსრულების ეროვნული ბიურო მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში გადადმული შემდგომი ნაბიჯების შესახებ“.

ამის მიუხედვად, გეტყვით, რომ 26 ივლისიდან ყადაღა ადევს კოალიციის სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის საბანკო ანგარიშებს, პირადი ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანისა და მისი "ქართულ ოცნებაში" გადარიცხვის მოტივით. კალაძე 17 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხით დაჯარიმდა. ჯარიმის გადახდის ვადა კალაძეს დღეს ამოეწურა.
იმავე მოტივით, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 21 მილიონამდე ლარით დაჯარიმდა. ივანიშვილს ჯარიმის გადახდის ვადა 22 აგვისტოს 24 საათამდე აქვს.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი თანხის ამოღების რა ფორმას მიმართავენ ამ შემთხვევაში - იქნება ეს ინკასო, ქონების აუქციონზე გატანა თუ იძულებითი მმართველის დანიშვნა. თუმცა, როგორც „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, კახი კალაძემ და ბიძინა ივანიშვილმა მათთვის ჯარიმის სახით დაკისრებული თანხა გადაიხადონ კვლავ 19 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა საკომპენსაციოდ, თუკი წარმოდგენილი იქნება იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ბიუჯეტში ჯარიმის სახით უკვე გადარიცხული 80 მილიონი ლარი დაზარალებულებს მოხმარდათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG