Accessibility links

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება მომავალ წელს გაგრძელდება


არასამთავრობო სექტორის ნაწილი საქართველოს პარლამენტს კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი გახდა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კანდიდატების შერჩევის პროცესში საპარლამენტო უმრავლესობის მოქმედება, რომელიც კითხვებს იწვევს.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრობის 6 კანდიდატს და მხარი 3 მათგანს დაუჭირა. ორი კანდიდატი - მარინე მუსხელიშვილი და ლელა გაფრინდაშვილი -სახალხო დამცველის მიერ იყო წარდგენილი. დანარჩენი კანდიდატები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი გენადი გელაძე, საპარლამენტო უმცირესობის არანაკლებ ¼-ის მიერ წარდგენილი ქეთევან მსხილაძე და ნინია კაკაბაძე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების მიერ დასახელებული ნათელა სახოკია. მათგან დეპუტატთა მხარდაჭერა მოიპოვეს მარინე მუსხელიშვილმა, ქეთევან მსხილაძემ და ნათელა სახოკიამ.

კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავისი პოზიცია განმარტა პარლამენტს სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის საყვედურის თაობაზე, რომ პარლამენტმა კენჭისყრაზე მაუწყებლის შესახებ კანონით გათვალისწინებული 9 კანდიდატის ნაცვლად 6-ის წარდგენით კანონი დაარღვია:

„რამე მექანიზმი გვაქვს, რომ ვინმეზე ხელი უნდა მოაწერონ? თუ პროცესი უნდა გავაჩეროთ და არაფერი არ უნდა ვქნათ? ამიტომ გაუგებარია საკითხის ასე დასმა, რომ თუ არ არის ათვისებული ე.წ. კვოტა, თუ არ არის შემოთავაზებული კანდიდატები, ეს ნიშნავს, რომ ეს ადგილი რჩება ვაკანტური და პროცესი იწყება თავიდან“.

ყველა სხვა ქმედება, რომელსაც ჩაიდენენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არის კანონის უხეში დარღვევა, კანონგარეშე ქმედება, რომელიც უნდა გასაჩივრდეს, ჩემი ვარაუდით, სასამართლოში...
საზოგადოებრივი კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რომელმაც სახალხო დამცველს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობასა და უმრავლესობის მიღმა დარჩენილ დეპუტატებს 27-კაციანი სია გადასცა 9 კანდიდატის ასარჩევად, ჯერ კიდევ პარლამენტში კენჭისყრამდე ამბობდა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე უნდა ამოირჩეს 9 კაცი, რისთვისაც სამდღიანი ვადა პარლამენტს მიმდინარე კვირის ოთხშაბათამდე ჰქონდა.

„ყველა სხვა ქმედება, რომელსაც ჩაიდენენ საქართველოს პარლამენტის წევრები, არის კანონის უხეში დარღვევა, კანონგარეშე ქმედება, რომელიც უნდა გასაჩივრდეს, ჩემი ვარაუდით, სასამართლოში“.

ვინაიდან კანონი, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 9 წევრის კენჭისყრაზე დაყენების გარდა, სხვა შესაძლებლობას არ იძლევა, ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ დეპუტატების მიერ 9-ის ნაცვლად კენჭის საყრელად 6 კანდიდატის დასახელება მხოლოდ ერთი გარემოებით აიხსნება:

„ვერ აგროვებენ ამ 27-კაციანი სიიდან 5-6 ისეთ ადამიანს, რომლებიც იქნებიან პოლიტიკურად მორჩილი და რომლებიც შეასრულებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის ყველა დაკვეთას, ეს არის მათთვის დღეს პრობლემა და ამიტომ მიდიან ისინი ამ ნაბიჯზე, რომ დაარღვიონ კანონი“.

არ მგონია,რომ ეს მდგომარეობა საგანგაშო იყოს, რადგან ეს არის შესაძლებლობა სხვა ადამიანებისათვის უახლოეს მომავალში იმავე კომისიის წინაშე წარდგნენ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამეურვეო საბჭო მივიღოთ...
მიზანი საზოგადოებრივი კომისიის შექმნისა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს კონკურსის წესით შერჩეულ წევრებს წარუდგენდა დასამტკიცებლად პარლამენტს, იყო ის, რომ მინიმუმამდე შემცირებულიყო პოლიტიკური გავლენა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოზე, კანონიც ამისთვის შეიცვალა, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, თუმცა მისთვის პარლამენტში წარმართულმა პროცესმა სხვაგვარი რამ ცხადყო:

„თუ კანონი ასეთი ფორმებით დაირღვევა და უმრავლესობა და უმცირესობა არ შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას, რომ საკონკურსო კომისიისადმი ნდობა გამოიჩინონ და შეარჩიონ მათთვის მისაღები კანდიდატები იმ კვოტიდან, რასაც საკონკურსო კომისია სთავაზობს, მაშინ კვლავ გაჩნდება წარმოდგენა და შეხედულება, რომ ვიღაცას მაინც სურს პოლიტიკური გავლენის მოხდენა ‘საზოგადოებრივ მაუწყებელზე’“.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს შორის არ იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ამიტომ არჩევანის გაკეთება გაუჭირდათ. მეტიც, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ამბობს, ბევრმა მსურველმა კონკურსში მონაწილეობა ვერ მოასწრო, ახლა კი ასეთი შესაძლებლობა ხელახლა გაჩნდება:

„არ მგონია,რომ ეს მდგომარეობა საგანგაშო იყოს, რადგან ეს არის შესაძლებლობა სხვა ადამიანებისათვის უახლოეს მომავალში იმავე კომისიის წინაშე წარდგნენ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამეურვეო საბჭო მივიღოთ“.

პარლამენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე კენჭისყრას უკვე მომავალი წლიდან გააგრძელებს. პირველ კენჭისყრაზე წარდგენილი 6 კანდიდატიდან, 9-ის ნაცვლად, მხარდაჭერილი მხოლოდ სამი აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG