Accessibility links

logo-print

ბარათაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორად დაბრუნდება


15 აპრილს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გოჩა გოცირიძემ ბათილად ცნო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ განხორციელებული უნდობლობის აქტი, რის შედეგადაც მაუწყებლის მაშინდელ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბარათაშვილს, თანამდებობის დატოვება მოუხდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ბარათაშვილს იძულებითი განაცდენი 5500 ლარიც აუნაზღაურდება, ხოლო თუ 14 დღის ვადაში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა, განაჩენი კანონიერ ძალაში შევა და გიორგი ბარათაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის პოსტზე დაბრუნდება.

მოსამართლე გოჩა გოცირიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელის ყველა პუნქტი დააკმაყოფილა. დარბაზში შეკრებილები სასამართლო გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. თავად გიორგი ბარათაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის სხვაგვარ გადაწყვეტილებას არც ელოდა:

”მე უკვე, პრინციპში, თანამდებობაზე აღდგენილი ვარ, თუმცა დაველოდოთ. თუ სამეურვეო საბჭო გაასაჩივრებს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ვნახოთ, მერე, ალბათ, სხვა ინსტანციაში გავაგრძელებთ, მაგრამ დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა”.

უნდა შეიცვალოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ტელევიზიის საქმიანობაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭოს არჩევის პროცესი უნდა გახდეს ძალიან გამჭვირვალე...
შეგახსენებთ, საქმე შეეხებოდა გიორგი ბარათაშვილის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლების ფაქტს. როგორც ცნობილია, მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ბარათაშვილს უნდობლობა მას შემდეგ გამოუცხადა, რაც მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც მოგვიანებით კრწანისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. როგორც ბარათაშვილის ადვოკატი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“, ნათია კაპანაძე განმარტავს, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ. კერძოდ, სამეურვეო საბჭომ ხმათა არასაკმარისი რაოდენობით - ცხრა ხმით ათის ნაცვლად - მიიღო ეს გადაწყვეტილება.

ბარათაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროცედურული დარღვევები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ სასამართლოს მიერ სხვაგვარი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არც მქონიაო, ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. თუმცა, მისი აზრით, „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის საქმის გარჩევაზე მნიშვნელოვანი დღეს ტელევიზიის რეფორმირების პროცესია:

რაც შეეხება ბარათაშვილს, ახლა მთავარია, რას გააკეთებს ის ტელევიზიაში. აქამდე, მისი დირექტორობის განმავლობაში, ერთადერთი რადიკალური ცვლილება, რომელიც მან განახორციელა, იყო ის, რომ გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი...
”უნდა შეიცვალოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი კონტროლი ამ ტელევიზიის საქმიანობაზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საბჭოს არჩევის პროცესი უნდა გახდეს ძალიან გამჭვირვალე, ხოლო “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორი ძალიან მაღალი სტანდარტების მოთხოვნით უნდა აირჩეს, რომ არ არსებობდეს სახელმწიფო ფულის კიდევ ერთხელ გაფლანგვის საფრთხე, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა”.

სასამართლოს გადაწყვეტილებას პოზიტიურად მიიჩნევს კიდევე ერთი მედიამკვლევარი, ლიკა ბასილაია, და რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება აღარ ითვალისწინებს პოლიტიკური კონიუნქტურის ინტერესებს:

”სასურველია, რომ სასამართლო სხვა შემთხვევებშიც საკუთარი შინაგანი მრწამსით იღებდეს გადაწყვეტილებებს და არ უწევდეს ანგარიშს პოლიტიკურ კონიუნქტურას. რაც შეეხება ბარათაშვილს, ახლა მთავარია, რას გააკეთებს ის ტელევიზიაში. აქამდე, მისი დირექტორობის განმავლობაში, ერთადერთი რადიკალური ცვლილება, რომელიც მან განახორციელა, იყო ის, რომ გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი, რაც, პირადად ჩემი აზრით, იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან წარმოუდგენელია, რომ ასეთი საკვანძო თანამდებობის პირი რომელიმე პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ იმყოფებოდეს და ეს ტელევიზიის მუშაობაზე აისახებოდეს”.

გაასაჩივრებს თუ არა სამეურვეო საბჭო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია. დღის განმავლობაში საბჭოს წევრები სატელეფონო ზარს არ პასუხობდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG