Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკელი ბებიები საჰაერო თავდასხმებს აპროტესტებენ


3 აპრილს, ნიუ-იორკის ქუჩებში ორგანიზაციამ სახელწოდებით „ბებიები ომის წინააღმდეგ“.

3 აპრილს, ნიუ-იორკის ქუჩებში ორგანიზაციამ სახელწოდებით „ბებიები ომის წინააღმდეგ“.

ნიუ-იორკელი ბებიები ქალაქის ქუჩებში გავიდნენ. ისინი უპილოტო თვითმფრინავებით აშშ-ის თავდასხმებს აპროტესტებენ.

დემონსტრანტები მღეროდნენ, კითხულობდნენ ლექსებს და სკანდირებდნენ: „უპილოტო თვითმფრინავები დაფრინავენ, ბავშვები იხოცებიან “.

ოთხშაბათს, 3 აპრილს, ნიუ-იორკის ქუჩებში ორგანიზაციამ, სახელწოდებით „ბებიები ომის წინააღმდეგ“, მოაწყო აქცია, რომელშიც 50-ზე მეტმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მიზანი იყო გაეპროტესტებინათ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „დრონების“, ანუ უპილოტო თვითმფრინავების, გამოყენება.

„უთხარით 'კი' სიცოცხლეს, 'არა' - დრონებსო“, სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ერაყის ომის დროს ეს ჯგუფი ნიუ-იორკის ერთსა და იმავე მოედანზე ყოველ ოთხშაბათს აწყობდა აქციებს, ცხრა წლის განმავლობაში.

აქტივისტების თანახმად, ოთხშაბათს გამართული აქციით დაიწყო ერთთვიანი გამოსვლები, რომელსაც „მოქმედების აპრილის დღეები“ დაერქმევა. ამ კამპანიის ორგანიზატორია ნიუ-იორკში განთავსებული ჯგუფი, სახელწოდებით „იცნობდე დრონებს“ („Know Drones”). აქციების მოწყობა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაგეგმილი დრონების საწარმოებსა და უნივერსიტეტებთან, რომლებშიც დრონების ტექნოლოგიებს იკვლევენ.

ორგანიზაცია „ბებიები ომის წინააღმდეგ“ ჯოან უაილმა დააფუძნა. ამჟამად ის 81 წლის არის და აქტივობა შარშან შეწყვიტა, რათა თავის მეორე ვნებას - ფორტეპიანოზე დაკვრის სიყვარულს - მისდიოს. თუმცა, როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, აქტივობის განახლება მაინც მოუხდა. ის შეძრწუნებულია იმ შედეგებით, რომელსაც პაკისტანში, ავღანეთში თუ სხვაგან აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავებით მიტანილი იერიშები იწვევს:

„ეს ამბავი ძალიან ამორალურად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში უდანაშაულოდ ითვლები მანამ, სანამ სასამართლო გცნობს დამნაშავედ. ახლა კი ვიქცევით როგორც მოსამართლეები, მსაჯულები და ჯალათები - სასამართლოს გარეშე“.

ობამას ადმინისტრაციის მიერ პაკისტანსა და ავღანეთში მყოფ ტერორიზმში ეჭვმიტანილ პირთა გასანადგურებლად დრონების გამოყენება ცხარე კამათის საგანია და მას აშშ-ის პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა წარმომადგენელი მწვავედ აკრიტიკებს. პროგრამას ყურადღებით აკვირდება გაეროც.

აშშ-ის საჰაერო თავდასხმებით გამოწვეული მსხვერპლის შემსწავლელი გაეროს კომიტეტის ხელმძღვანელმა მარტში განაცხადა, უპილოტო თვითმფრინავებით პაკისტანზე მიტანილი იერიშები არღვევს ამ ქვეყნის სუვერენიტეტსო, ადამიანის უფლებებისა და კონტრტერორიზმის საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა კი, ბენ ემერსონმა, თქვა, პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, ამგვარი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 400 სამოქალაქო პირის დაღუპვის შემთხვევა შეგვიძლია დავადასტუროთო.

აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მან ყოველთვიური ანგარიშებიდან ამოიღო ცნობები უპილოტო თვითმფრინავებით ავღანეთში განხორციელებული თავდასხმების შესახებ.

ორგანიზაცია „იცნობდე დრონებს“ ყოფილმა ჟურნალისტმა, 75 წლის ნიკ მოტერნმა დააფუძნა. მისი აზრით, დრონები საფრთხეს უქმნის თავისუფლებას როგორც აშშ-ში, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

„ეს შეიარაღება ადამიანის ძალიან ფუნდამენტურ უფლებებს ანადგურებს. ეს იარაღი აბსოლუტურად განურჩევლად მოქმედებს და კონტროლს არ ექვემდებარება“.

ასევე ფიქრობს უილიამ გილსონი - 77 წლის კაცი, კორეის ომის ვეტერანი. ის დრონების გამოყენებას „უკანონოდ“ მიიჩნევს:

„ამჟამად პრეზიდენტად მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი კაცი გვყავს, რომელიც, ამავე დროს, საკონსტიტუციო სამართლის პროფესორია. და მაინც, მას საერთოდ პრობლემად არ მიაჩნია უცხო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრა, სუვერენიტეტის ყველა კანონისა და საერთაშორისო სამართლის რეგულაციების დარღვევით“.

ობამას ადმინისტრაციამ დრონებთან დაკავშირებით შიშისა და კრიტიკის გაფანტვა სცადა - განაცხადა, პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეს იარაღი გამოიყენოს ამერიკის ტერიტორიაზე, აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ, თუკი ეს უკანასკნელნი ბრძოლაში არ არიან ჩართულნიო.

მაგრამ ნიუ-იორკის ქუჩებში გასული დემონსტრანტებისთვის ეს საკმარისი არ არის. ერთ-ერთი ჯგუფი, რომელიც აპრილში დაწყებულ კამპანიაში მონაწილეობს, გამოდის მოწოდებით, მიღებულ იქნეს რეზოლუცია, რომელიც ნიუ-იორკს დრონებისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG