Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, დახმარების პაკეტის პირობების შეცვლას მოთხოვს


ევროკავშირის და საბერძნეთის დროშები
ევროკავშირის და საბერძნეთის დროშები
პერსპექტივა, რომ მწვავე ეკონომიკური პრობლემების მქონე საბერძნეთი ევროს მოქმედების ზონას დატოვებს და გლობალური საფინანსო კრიზისის საფრთხეს შექმნის, შემცირდა მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში სტაბილური მთავრობის შესაქმნელად საკმარისი ხმები მოიპოვა ორმა პარტიამ, რომელიც ემხრობა საერთაშორისო საფინანსო დახმარების მიღებას, საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის ზომების გატარების სანაცვლოდ.

კოალიციას შექმნიან კონსერვატიული „ახალი დემოკრატია“ და სოციალისტური „პასოკი“. შესაძლოა კოალიციაში „დემოკრატი მემარცხენეების“ პარტიაც შევიდეს. ეს კი კოალიციას 300 წევრიან პარლამენტში უმრავლესობას მიანიჭებს.
მთავრობის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის დაწესებული ბოლო ვადა ოთხშაბათია. კოალიციის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა „ახალ დემოკრატიას“ დაევალა - სწორედ მან მიიღო ყველაზე მეტი ხმა არჩევნებში. „ახალი დემოკრატიის“ ლიდერმა ანტონის სამარასმა ორშაბათს ათენში პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასისგან მიიღო შესაბამისი მანდატი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ შეეცდება შექმნას მთავრობა საბერძნეთში მომჭირნეობის მკაცრი ზომების გასატარებლად, რაც შეთანხმებულია უცხოელ კრედიტორებთან, ფინანსური დახმარების მისაღებად:

„ბატონო პრეზიდენტო, ამ მანდატით დაუყოვნებლივ შევეცდები შევქმნა გრძელვადიანი ეროვნული ხსნის მთავრობა პარტიებთან ერთად, რომლებსაც სჯერათ ევროპული პერსპექტივისა და ევროსი“, - განაცხადა სამარასმა.

არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მემარცხენე პოლიტიკური ალიანსი „სირიზა“ ფინანსური დახმარების თაობაზე საერთაშორისო შეთანხმების საერთოდ გაუქმებას გეგმავდა. ახლა ეს პერსპექტივა მოიხსნა, თუმცა შეთანხმების პირობები ეკონომიკურად კონსერვატიული მთავრობის შექმნის შემდეგაც გადაიხედება.

ამ დრომდე საბერძნეთს უკვე ორჯერ მოუწია დახმარების გამოყოფის მოთხოვნა - იმის გამო, რომ თავის დროზე თავისი დავალიანების სრული მასშტაბი არ გაამხილა. პირველ ეტაპზე, 2010 წელს, მას 110 მილიარდი ევრო გამოუყვეს, შემდეგ - უკვე მიმდინარე წელს - 130 მილიარდი. ამასთან, ჩამოწერილ იქნა 170 მილიარდი ევროს ოდენობის კერძო დავალიანება.

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ამჟამად მოქმედი შეთანხმების პირობები გადაიხედება. როგორც „ახალ დემოკრატიას“, ისე „პასოკს“ ნათქვამი აქვს, რომ დახმარების მიღებისთვის განსაზღვრული პირობების შეცვლას მოითხოვენ, რათა მათი გავლენა ნაკლებად მტკივნეულად აისახოს მძლავრი რეცესიის მქონე ქვეყანაზე. ამასთან, სამშაბათს „ფრანს-პრესმა“ ევროკავშირის ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვებიც გაავრცელა - რომ ამ ზაფხულს ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს საბერძნეთთან დახმარების პირობების შესახებ ხელახალი მოლაპარაკებების გამართვა მოუწევთ.

საბიუჯეტო ხარჯები

პირველი ცვლილება, რომლის გატარებასაც, სავარაუდოდ, კოალიცია მოითხოვს, საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას შეეხება. საბერძნეთს სურს მეტი დრო გამოუყონ 2013 და 2014 წლებისთვის განსაზღვრული, 11.7 მილიარდი ევროს დაზოგვაზე მიმართული ზომების გატარებისთვის.

„ახალი დემოკრატიის“ ლიდერს, ანტონის სამარასს ნათქვამი აქვს, რომ საბიუჯეტი ხარჯების შეკვეცა ოთხ წელზე უნდა გაიწეროს - 2016 წლის ჩათვლით. სოციალისტების ლიდერი, ევანგელოს ვენიზელოსი კი თვლის, რომ პროცესმა შეიძლება 2017 წლამდეც გასტანოს. ამჟამად მოქმედი შეთანხმების პირობებით, საბერძნეთმა საბიუჯეტო ხარჯები აგრესიულად უნდა შეამციროს, რათა საბიუჯეტო დეფიციტი 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.1 პროცენტს გაუტოლდეს. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 9.3 პროცენტი იყო.

სოციალური ხარჯები

კიდევ ერთი საკითხი, რომელთან მიმართებითაც კოალიცია, სავარაუდოდ, ცვლილებებს მოითხოვს, სოციალური ხარჯებია. სამარასს ნათქვამი აქვს, რომ აპირებს 650 მილიონი ევროსგან შემდგარი პაკეტის შემუშავებას, რომელიც ყველაზე მცირე პენსიას 2009 წლის მაჩვენებელს გაუტოლებს და გლეხებს, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებულებს და მრავალშვილიან ოჯახებს დახმარებებს გამოუყოფს. სამარასის თქმით, მან იცის ბიუჯეტი დამატებით როგორ უნდა შეკვეცოს ისე, რომ ამ ხარჯებისთვის გამოჩნდეს ფული.
ამასთან, სამარასი ამბობს, რომ სურს ერთი წლიდან ორამდე გაზარდოს სამსახურის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარების ხანგრძლივობა. მას უნდა, რომ ამ დახმარების მიმღებთა სიაც გაფართოვდეს და, მაგალითად, მაღაზიების ის მფლობელებიც მოიცვას, რომლებსაც კრიზისის გამო თავიანთი ბიზნესების დახურვა მოუხდათ.

გადასახადები

„ახალ დემოკრატიას“ სურს კორპორაციული გადასახადები მომავალ წელს ამჟამინდელი 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე დავიდეს. ამასთან, პარტიის სურვილია თანდათანობით შემცირდეს დამატებითი ღირებულების ძირითადი გადასახადი - მომავალი სამი წლის განმავლობაში ის 23 პროცენტიდან 19 პროცენტამდე დავიდეს.

ინდივიდებისთვის დაწესებულ გადასახადებთან მიმართებით პარტიის სურვილია გადასახადები ამჟამინდელი 45 პროცენტიდან 32 პროცენტამდე შეამციროს და ლიმიტი დაუწესოს ოჯახის საგადასახადო ვალდებულებას, მის შემოსავალთან შეფარდებით.

პარტია იმედოვნებს, რომ დაკლებული გადასახადებით დაკარგულ თანხას ეკონომიკის ზრდის სტიმულირებით აანაზღაურებს.

შრომის კოდექსი

ამასთან, საბერძნეთის ახალი კოალიციური მთავრობა, სავარაუდოდ, შრომით კანონმდებლობასაც შეცვლის და დაცვის უფრო მეტ მექანიზმს აამოქმედებს მუშახელისთვის, რომელიც სულ უფრო და უფრო შემცირებულ შრომის ბაზარზეა დასაქმებული. სოციალისტების სურვილია საბერძნეთში ევროკავშირის საკანონმდებლო სტანდარტები მოქმედებდეს შრომით ბაზართან მიმართებით. კონსერვატორები კი აცხადებენ, რომ კერძო სექტორში ხელფასები იმაზე მეტად არ უნდა შემცირდეს, რამდენიც უკვე განხორციელდა ამჟამინდელი შეთანხმების პირობებით.

საჯარო სექტორის შემცირება

ამჟამად მოქმედი შეთანხმებით, 2015 წლისთვის 150,000 ადამიანით უნდა შემცირდეს საჯარო სექტორში დაქირავებულთა რაოდენობა, ანუ ყოველ 10 პენსიონერზე სამსახურში მხოლოდ ერთი უნდა აიყვანონ. ამასთან, სამსახურებიდან უნდა გაათავისუფლონ სულ მცირე 15,000 საჯარო მოსამსახურე - მას შემდეგ, რაც ერთ წელიწადს დაყოფენ ე.წ. „შრომით რეზერვში“, სადაც მხოლოდ საბაზისო ხელფასი ექნებათ დანიშნული.

„ახალ დემოკრატიას“ სურს რეზერვში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს ერთის ნაცვლად სამ წლამდე გაეზარდოთ დასაქმებულობის ვადა.
XS
SM
MD
LG