Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის კონსერვატორები კოალიციას ქმნიან


ანტონის სამარასი
ანტონის სამარასი
საბერძნეთის კონსერვატიულმა პარტია „ახალმა დემოკრატიამ“, მას მერე, რაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა და პრეზიდენტისგან მანდატი მიიღო, დაიწყო კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე მოლაპარაკება. პარტიას უწევს მემარცხენე ძალებთან, მესამე ადგილზე გასულ სოციალისტებთან შეკავშირება. არჩევნებში კონსერვატორებზე ოდნავ უფრო უარესი შედეგის მქონე მემარცხენე-ცენტრისტულმა „სირიზამ“ კოალიციის შესახებ მოლაპარაკება არ ისურვა, რადგან ის არ ეთანხმება კონსერვატორებს პრინციპულ საკითხებში - ევროს ზონაში საბერძნეთის დარჩენის, ევროკავშირისგან უზარმაზარი ვალის აღებისა და ხარჯების დაზოგვის პროგრამის გატარების თაობაზე. „სირიზას“ პარტიამ მარცხი აღიარა. მისმა ლიდერმა ალექსის ციპრასმა არ ისურვა უღალატოს თავისი პარტიის პრინციპებს და განაცხადა, რომ არ აპირებს „ახალი დემოკრატიის“ მოწოდებას აჰყვეს, რომ მას ოპოზიციაში დარჩენა სურს, რომ ის კვლავ არ ეთანხმება ხარჯების შემცირების პირობას, რომელსაც უნდა მოჰყვეს უზარმაზარი კრედიტის - 130 მილიარდის - აღება.

„ორშაბათიდან გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას იმ რწმენით, რომ მომავალი ეკუთვნის არა დათრგუნვილ მოქალაქეებს, არამედ იმედით სავსე ხალხს“, თქვა ციპრასმა, რომლის პოლიტიკურმა ჯგუფმა ხმების ორზე ოდნავ ნაკლები პროცენტი მოაგროვა, გამარჯვებულ „ახალ დემოკრატიასთან“ შედარებით, რომლის ლიდერმა ანტონის სამარასმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგი ბერძნების სურვილს ადასტურებს - მათ ევროზონაში დარჩენა სურთ:


„დღეს ბერძენმა ხალხმა დაადასტურა, რომ სურს ევროზონაში დარჩენა, სურს იყოს მისი განუყოფელი ნაწილი, სურს პატივი სცეს თავისი ქვეყნის ვალდებულებებს, ხელი შეუწყოს ზრდას. ეს არის გამარჯვება მთელი ევროპისთვის. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამ პოზიციას იზიარებს, გაერთიანდნენ და შექმნან ახალი სტაბილური მთავრობა. დამერწმუნეთ, ბერძენი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი ქვეყანას კვლავ დაუბრუნებს კეთილდღეობას. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა გატარდეს ახლანდელი პოლიტიკა, შეხამებული ზრდისა და გაფართოების პოლიტიკასთან. ძალას არ დავიშურებთ, რათა ეს სწრაფად მოხდეს.“

ახლა უნდა განვახორციელოთ, აღვასრულოთ დამატებების პროგრამა და ამაზე დავამყაროთ ზრდა, საბერძნეთის მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი კეთილდღეობა ...
ჰერმან ვან რუმპე
სამარასის პარტიამ მხოლოდ 29-ნახევარი პროცენტი მიიმხრო, ანუ ძნელი სათქმელია, რომ ბერძენთა უმეტესობა ემხრობა ამ პროევროპულ პოლიტიკას. ამის გამო თუა, რომ „პასოკის“ - სოციალისტური პარტიის -ლიდერმა (ამ პარტიამ 12,3 პროცენტი მოაგროვა), ევანგელოს ვენიზელოსმა, განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას ეროვნული პასუხისმგებლობის მთავრობა, რომელშიც უნდა გაერთიანდნენ, სულ მცირე, „ახალი დემოკრატია“, „სირიზა“, „პასოკი“ და „მემარცხენე დემოკრატები“. ადგილები პარლამენტში ასე განაწილდება:

„ახალი დამოკრატია“ 129 ადგილს გააკონტროლებს, „სირიზას“ საკანონმდებლო ორგანოში 71 დეპუტატი ეყოლება, „პასოკს“ კი - 33. პარლამენტი საბერძნეთში 300 ადგილიანია. მსოფლიოში, ევროპაში თუ აშშ-ში მოელიან, რომ მთავრობა მალე შეიქმნება. ევროკავშირის პრეზიდენტმა ვარ რუმპემ საბერძნეთს გამოუცხადა, რომ მხარში დაუდგება:

„ახლა უნდა განვახორციელოთ, აღვასრულოთ დამატებების პროგრამა და ამაზე დავამყაროთ ზრდა, საბერძნეთის მოქალაქეთათვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი კეთილდღეობა. ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ დავეხმაროთ მათ ამ მიზნების მიღწევაში.“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სამარასს გამარჯვება მიულოცა და თქვა, რომ დარწმუნებულია, საბერძნეთი ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიც იმედიანად არის და ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG