Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გრინპისი": არქტიკის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება


"გრინპისის" აქტვისტი დმიტრი ლიტვინოვი ჰელსინკის რკინიგზის სადგურში ჩასვლისას
"გრინპისის" აქტვისტი დმიტრი ლიტვინოვი ჰელსინკის რკინიგზის სადგურში ჩასვლისას
არქტიკაში „გრინპისის“ საპროტესტო აქციის მონაწილეთაგან რამდენიმემ უკვე დატოვა რუსეთი.

პირველმა ფინეთის საზღვარი გადაკვეთა „გრინპისის“ რუსული წარმოშობის შვედმა აქტივისტმა, დმიტრი ლიტვინოვმა. ის ერთ-ერთია იმ 28 აქტივისტიდან და ორი ჟურნალისტიდან, რომლებიც რუსეთის სანაპირო დაცვამ დააკავა სექტემბერში, მას მერე, რაც აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს არქტიკაში, „გაზპრომის“ ჭაბურღილზე.

რუსეთის დატოვებამდე ლიტივნოვმა რეიტერს უთხრა, რომ „გრინპისი“ განაგრძობს არქტიკაში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ აქციებს მიუხედავად მოსკოვის მკვეთრი რეაქციისა:

„კმაყოფილი ვარ, რომ ეს თავი დასრულდა, მაგრამ წიგნი ჯერაც დასაწერია. სანამ არქტიკა საფრთხეშია, სანამ მულტინაციონალური კომპანიები, როგორებიცაა „გაზპრომი“, „შელი“, „ექსონი“, და მარიონეტული რეჟიმები აპირებენ გააუპატიურონ არქტიკა, ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამის წინააღმდეგ ბრძოლას და ჯანსაღი მომავლისთვის მუშაობას.“

ლიტვინოვმა დასძინა, რომ რუსეთის რეაქციამ არქტიკის ათვისების მიმართ ყურადღება გამოიწვია:

„ეს ჩვენთვის აბსოლუტური შოკი იყო. ვფიქრობ, „გაზპრომი“ და სხვა კომპანიები, რომლებიც იდგნენ ამის მიღმა - და დარწმუნებული ვარ, ეს ასე იყო - განცვიფრებული დარჩნენ. მათ ეგონათ, რომ ჩაგვაჩუმებდნენ, მაგრამ ეფექტი საპირისპირო იყო. ახლა მსოფლიოში მრავალმა ადამიანმა იცის, რომ არქტიკას საფრთხე ემუქრება ნავთობის მოპოვებით და იცის, რომ ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. ასე რომ, ეს შოკი იყო ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობ, ეს შოკი იყო მათთვისაც.“

„გრინპისის“ თანახმად, ის მოელის, რომ დარჩენილი აქტივისტებიც მალე დატოვებენ რუსეთს.

ხუთშაბათს რუსეთმა დაასრულა აქტივისტებისა და საპროტესტო ხომალდის, "Arctic Sunrise"-ის ეკიპაჟისთვის სისხლის სამართლის ბრალდებების ოფიციალურად მოხსნა.

აქტივისტების მიმართ რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულებამ დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. აქტივისტები ორი თვის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ხულიგნობის ბრალდებით, რისთვისაც მათ შვიდი წლით პატიმრობა ემუქრებოდათ.
XS
SM
MD
LG