Accessibility links

logo-print
გრეგორი პორტერი 1971 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა. ბავშვობა მშობლების ფირფიტების მოსმენაში გაატარა. ერთხელაც გენიალური ამერიკელი პიანისტისა და ვოკალისტის ნეტ კინგ კოლის დისკს, უფრო ზუსტად კი, ერთ ჰიტს გადაეყარა. პატარა გრეგორიმ „Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ საკუთარ ყაიდაზე შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი, სახლის პირობებში, 5 წლის ასაკში გააკეთა. სტუდენტობისას სან-დიეგოს უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბის ნახევარმცველი იყო. როგორც თავად იხსენებს, ეს საქმე მშვენივრად გამოსდიოდა, წარმატებულ კარიერასაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ვარჯიშისას მხარი დაიზიანა და მის სპორტულ მომავალსაც წერტილი დაესვა. სწორედ მიღებულმა ტრავმამ დაუბრუნა ბავშვობის გატაცება: ჯერ სან-დიეგოს ღამის კლუბების სცენაზე გამოჩნდა, შემდეგ ბროდვეული მიუზიკლების სოლისტად იქცა, სხვადასხვა ტელე-რადიო გადაცემების მეშვეობით კი, მთელმა ქვეყანამ გაიცნო. თუმცა პირველი დიდი აღიარება კლასიკურ სცენაზე გამოსვლამ მოუტანა: მისი ნიჭი ნიუ-იორკის „ლინკოლნ-ცენტრის“ მუსიკალური პროგრამებისა და ჯაზ-ორკესტრის თავკაცმა, მესაყვირე უინტონ მარსალისმა შეამჩნია და ქვეყნის ნომერ პირველ ჯაზბენდთან ერთად ამღერა.



გრეგორი პორტერმა სტუდიური მოღვაწეობა საკმაოდ გვიან, 2010 წლიდან დაიწყო. პირველმა დისკმა „Water“ გამოსვლისთანავე მიიპყრო კრიტიკოსების ყურადღება - მათ მომღერლის აფროამერიკულ, ხავერდოვან და ლირიკულ ვოკალს „წლის აღმოჩენა“ უწოდეს. „Water“ „გრემის“ 53-ე დაჯილდოებაზეც წარადგინეს „წლის საუკეთესო ჯაზური ვოკალის“ ნომინაციაში, თუმცა იმ წელს დი დი ბრიჯუოტერმა ივარგა და დებიუტანტს ჯილდო ცხვირწინ ააცალა. გრეგორი პორტერმა დაკარგული ტიტულის დაბრუნება მომდევნო წელს მოახერხა ალბომით „Be Good“, რომელიც რამდენიმე კვირის მანძილზე პირველ პოზიციებს იკავებდა ამერიკულ თუ ბრიტანულ ჰიტაღლუმებში.



გასულ კვირას ნიუიორკულმა გამოცემამ JazzWeek, რომელიც ამერიკელი რადიომსმენელების ჯაზურ გემოვნებას იკვლევს, ნოემბრის თვის ყველაზე პოპულარული და ხშირად ტრანსლირებული ალბომების ნუსხა გამოაქვეყნა. პირველ ხუთეულში მეტწილად ბებერი მგლები მოხვდნენ: პიანისტი აჰმად ჯამალი, დისკით „Saturday Morning“, გერი გიბსის, კენი ბერონისა და რონ კარტერის ტრიო, საქსოფონისტი კენი გარეტი და თანამედროვეობის უდიდესი ორღანისტი ჯოი დეფრანჩესკო, ცხელ-ცხელი პროექტით „One For Rudy“. ლიდერი კი გრეგორი პორტერის ჯაზ-ფანკ-გოსპელით გაჯერებული ახალი ალბომი Liquid Spirit გახდა, ახალგაზრდა მუსიკოსმა სახელოვან კოლეგებს პირველობა არ დაუთმო და უკვე თვეზე მეტია, რაც ფეხს არ იცვლის ამერიკული ჰიტაღლუმებიდან. ეს სიახლე New York Times-მაც გააშუქა: ზემოხსენებულ ბატონებთან კონკურენციის პირობებში გამარჯვება უდიდეს წარმატებად მოიხსენია და არტისტი ქარაგმული ქება-დიდებით დაახასიათა: „...გრეგორი პორტერს აქვს ყველა ის თვისება, რომელიც მაღალი დონის ჯაზურ ვოკალისტს უნდა გააჩნდეს. ამავე დროს, კიდევ ერთ-ორ ღირსებასაც ფლობს, რომელთა არსებობის შესახებ აქამდე წარმოდგენაც არ გვქონდა...”

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG