Accessibility links

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის კულტურის სამინისტროსთან წარმოებული ოფიციალური მიმოწერის გამოქვეყნებას არ აპირებს მანამ, სანამ წერილების შესწავლა არ დასრულდება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა ექს-მინისტრ გრიგოლ ვაშაძის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმადაც, გამოსაძიებელია, როგორ ჩაუვარდა მისი კულტურის მინისტრობის დროს მოსკოვში გაგზავნილი წერილი პირს, რომელიც არც ერთ სახელმწიფო ორგანიზაციაში არ მუშაობს. რატომ არ კარგავს ხუთი წლის წინ თბილისიდან მოსკოვში გაგზავნილი ერთ-ერთი დიპლომატიური წერილის საკითხი აქტუალობას?

პირი, რომელზეც გრიგოლ ვაშაძე მიუთითებდა, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილია. სწორედ მან გაავრცელა 2008 წლის ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც საქართველოს კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის კულტურის მინისტრს ალექსანდრ ავდეევს ქართველ ხელოვანთა მონაწილეობით რუსეთში კონცერტების გამართვას სთავაზობს. როგორ ჩაუვარდა გია ხუხაშვილს წერილი ხელთ, უცნობია. რაც შეეხება ისეთი დოკუმენტის კონფიდენციალურობის საკითხს, რომელსაც გრიფი საიდუმლო არ ადევს, მის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეიძლება ითქვას, ერთგვაროვანი, ცალსახა დამოკიდებულება აქვთ.

”იმ საკითხზე, რაზეც აქ მიმოწერა იყო, საიდუმლო რა შეიძლება იყოს, არ ვიცი. აქ იარაღის მიწოდება-მოწოდებაზე იყო საუბარი თუ რამე სხვაზე? კონცერტების თაობაზე მიმოწერა რომელ ქვეყანაშია საიდუმლო და რატომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში საიდუმლო, თუნდაც დღეს რომელიმე მინისტრი ასეთ წერილს სადმე გზავნიდეს?“- კითხულობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მალე სხვა არაერთი შოკის მომგვრელი მიმოწერა გახდება ცნობილი.
პირდაპირ, შენი მუხლების ჭირიმეო, - ასე ელაპარაკება. ტონი არის აბსოლუტურად მე-19 საუკუნის ბოლოს დროინდელი...

თუ რა იყო შოკის მომგვრელი უშუალოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროდან რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროში გაგზავნილ 2008 წლის 27 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან შემდეგნაირად განმარტა:

”პირდაპირ, შენი მუხლების ჭირიმეო, - ასე ელაპარაკება. ტონი არის აბსოლუტურად მე-19 საუკუნის ბოლოს დროინდელი. მეფის რუსეთის დროს ქართველი ჩინოვნიკები საქართველოს პროვინციიდან - ამ ტონითაა ეს წერილი დაწერილი”.

უშუალოდ წერილით კი საქართველოს კულტურის მაშინდელი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუს კოლეგას სთავაზობს 2009 წლის გაზაფხულზე მოსკოვში ჩატარდეს საქართველოს შემოქმედებითი კოლექტივების რამდენიმე კონცერტი - ცნობილი თეატრებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების, მათ შორის, „ერისიონის“ მონაწილეობით.

რა გარემოებებში გაიგზავნა წერილი მოსკოვში და რა მიზანს ისახავდა იგი? ამ საკითხზე თავად გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ”მაესტროსთან” სატელეფონო ინტერვიუში შემდეგი განაცხადა:

”ეს ის პერიოდია, როდესაც წინ და უკან დაქროდნენ ემისრები და მესიჯები ჩამოჰქონდათ ჩემთან მოსკოვიდან, აქედან მიჰქონდათ რაღაცა. და ეს იყო ბოლო მცდელობა, როდესაც ორივე მხარეს ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, კიდევ ერთხელ გვეცადა ჩვენი ურთიერთობების რაღაც ნორმალურ სასტარტო პოზიციაზე გადაყვანა. შეიძლებოდა მაშინ კულტურული ღონისძიებების გაკეთება. თუმცა ეს კულტურული ღონისძიებები იყო, როგორც თქვენ გესმით, მეოთხეხარისხოვანი შემადგენელი ნაწილი ამ პროცესის. სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ინტერესები აბსოლუტურად, სრულიად შეუთავსებელი იყო. ასე რომ, ეს თემა თავისთავად დაიხურა”.
გამიკვირდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისაგან მსგავსი ნაბიჯი? - ნამდვილად არ გამკვირვებია. იმიტომ, რომ ასეთი სალტო მორტალეები დამახასიათებელია სააკაშვილისათვის. ის მყისიერად იცვლის ხოლმე პოზიციებს...

თემა კი ძირითადად რუსეთთან კულტურული ურთიერთობის პრაქტიკულად განახლების შემდეგ, ანუ საქართველოს სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის” რუსეთში გამართული კონცერტის ფაქტით გამოწვეული მღელვარების ფონზე გაიხსნა. მათ შორის, ვინც მიიჩნევდა, რომ „ერისიონს“ რუსეთში, განსაკუთრებით კი კრემლში, კონცერტი არ უნდა გაემართა, იყო ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. რამდენად მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის ის ფაქტი, რომ ქართული ანსამბლებისა და თეატრალური დასების რუსეთში ჩასვლის შესახებ მოლაპარაკებები ომის დამთავრებიდან უკვე სამ თვეში წარმოებდა?

”გამიკვირდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისაგან მსგავსი ნაბიჯი? - ნამდვილად არ გამკვირვებია. იმიტომ, რომ ასეთი სალტო მორტალეები დამახასიათებელია სააკაშვილისათვის. ის მყისიერად იცვლის ხოლმე პოზიციებს. მას შეუძლია რაღაც მომენტში იყოს ულმობელი, დაუნდობელი, აგრესიული და მერე უცბად მლიქვნელად იქცეს და ხელებზე ეფერებოდეს ადამიანს. ეს მისგან აბსოლუტურად მოსალოდნელი რამ გახლავთ. ასე რომ, გრიგოლ ვაშაძემ ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, მისი ნება შეასრულა და ისე ის ვერც გაბედავდა მსგავსი წერილის მიწერას”, ამბობს ზაზა ფირალიშვილი.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა კი ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არ არის დიპლომატიური მიმოწერის გახსნის მომხრე. იგი ფიქრობს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება არ შეიძლება:

”რა დიპლომატიურ მიზნებს ემსახურებოდა ასეთი სახის წერილი, რა უძღოდა წინ, რა მდგომარეობა იყო, რა უნდა აგვეცილებინა თავიდან, ჩვენ ხომ არ ვიცით? უბრალოდ, ამოგლეჯილად კონტექსტიდან ასეთი დიპლომატიური წერილი, კულტურის მინისტრის მიერ მიწერილი, ვთქვათ, მეორე კულტურის მინისტრის მიმართ, გამოიტანეთ სააშკარაოზე და ეხლა მიდის ამის განსჯა, აი, თურმე რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ამის გაკეთება”.

კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ასეთი წერილებიდან შეუძლებელია აზრის გამოტანა, რეალურად რა პროცესს ჰქონდა ადგილი. აქვე იგი შენიშნავს, რომ როგორც წესი, საზღვარგარეთ მიწერილი ოფიციალური წერილები ისედაც არ წარმოადგენს ღია დოკუმენტს და მთავრობამ მისი გასაჯაროებისგან თავი უნდა შეიკავოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG