Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროისმანი დარწმუნებულია თავისი მთავრობის წარმატებაში


ვლადიმირ გროისმანი
ვლადიმირ გროისმანი

უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში იშვიათია მოღვაწე, რომელსაც ახალგაზრდობის წლებში ვლადიმირ გროისმანის მსგავსი ელვისებური კარიერა გაეკეთებინოს.

38 წლის გროისმანმა პოლიტიკური მოღვაწეობა ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს დაიწყო ჯერ ქალაქ ვინიცის საბჭოში, ხოლო მერე 8 წელიწადი მერის თანამდებობაზე მუშაობდა. უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ გროისმანი კიევში გადმოიყვანეს და 2014 წლის თებერვალში პოსტრევოლუციური გარდამავალი მთავრობის კაბინეტში ვიცეპრემიერ-მინისტრად და რეგიონალური განვითარების, მშენებლობის, საბინაო-კომუნალური საკითხების მინისტრად დანიშნეს. ხუთი თვის შემდეგ, როდესაც არსენი იაცენიუკის მთავრობა ჩამოიშალა, სწორედ გროისმანს უნდა შეესრულებინა პრემიერ-მინისტრის მოვალეობა, მაგრამ პარლამენტმა არ მიიღო იაცენიუკის გადადგომა, 2014 წლის ოქტომბრის ვადამდელ არჩევნებზე კი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოკავშირე გროისმანი ჯერ პარლამენტის წევრი, შემდეგ კი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, თავმჯდომარე გახდა.

თუ ჩამოყალიბდა კაბინეტი, რასაც თქვენ გროისმანისას უწოდებთ, - ჩაიწერეთ შეკითხვა და შემდეგ დამისვით, - ეს იქნება საჯარო, ღია, ეფექტიანი და რეფორმატორული მთავრობა...
ვლადიმირ გროისმანი

მოელიან, რომ სულ მალე ვლადიმირ გროისმანი უკვე უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. 10 აპრილს მან უყოყმანოდ განაცხადა თანხმობა უკრაინის პრეზიდენტისა და მისი საპარლამენტო ფრაქციის, „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“, შეთავაზებაზე და დარწმუნებულია წარმატებაში.

„თუ ჩამოყალიბდა კაბინეტი, რასაც თქვენ გროისმანისას უწოდებთ, - ჩაიწერეთ შეკითხვა და შემდეგ დამისვით, - ეს იქნება საჯარო, ღია, ეფექტიანი და რეფორმატორული მთავრობა“, განაცხადა გროისმანმა 10 აპრილს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინაში ყველა შეგუებული იყო არსენი იაცენიუკის გადადგომას. მეტიც, ბევრი მისი ოპონენტი, პარლამენტის მმართველ კოალიციაშიც და ოპოზიციაშიც, ჯერ კიდევ თებერვალში ელოდა იაცენიუკის გადაყენებას, მაგრამ 16 თებერვალს უკრაინის პარლამენტმა ვერ შეძლო უკრაინის მთავრობისათვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო ხმების შეგროვება, თუმცა, უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გამწვავების გამო, არსენი იაცენიუკმა 10 აპრილს თავად გამოაცხადა პოსტიდან წასვლა.

„ბლოკ პეტრო პოროშენკოს [უკრაინის პრეზიდენტის] საპარლამენტო ფრაქციამ უკრაინის პარლამენტის სპიკერი ვლადიმირ გროისმანი დაასახელა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. გავაკეთე რა ყველაფერი, რათა შემენარჩუნებინა სტაბილურობა და ჩვენი კურსის მემკვიდრეობითობა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ გადავაბარო მას უკრაინის მთავრობის მეთაურის მოვალეობა და პასუხისმგებლობა“, განაცხადა იაცენიუკმა 10 აპრილს და დასძინა, რომ ის სამშაბათს, 12 აპრილს, პარლამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით.

არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი

ეკონომიკის განგრძობადი დაქვეითების ფონზე, არსენი იაცენიუკისა და მისი მთავრობის პოპულარობა უკრაინაში, როგორც იტყვიან, იატაკის დონემდე დაეცა, თუმცა მოსახლეობას არც გროისმანის იმედი აქვს.

„ვფიქრობ, რომ უფრო უარესი მდგომარეობა იქნება. თითქოს ამაზე ცუდი რაღა უნდა იყოს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, გროისმანის დანიშვნით ჩვენ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, განაცხადა ერთ-ერთმა კიეველმა ქალმა ჩვენს რადიოსთან საუბარში.

ვლადიმირ გროისმანის მიმართ ასეთ უნდობლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი თავად მიეკუთვნება იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში მართავს უკრაინას. გარდა ამისა, უკრაინაში ბევრს ახსოვს, რომ ვლადიმირ გროისმანი წლების განმავლობაში იყო ქალაქ ვინიცის მერი, უკრაინის იმ ცენტრალური ქალაქისა, სადაც პრეზიდენტ პოროშენკოს საკონდიტრო ინდუსტრიის, „როშენის“, ერთ-ერთი მძლავრი საწარმო მდებარეობს. ბევრი შიშობს, რომ გროისმანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკრაინის გავლენიანი პოლიტიკური ელიტის ინტერესების გამტარებელი იქნება და ნაკლებად იზრუნებს უბრალო ადამიანების ყოფითი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. თუმცა ასე არ ფიქრობს თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც საზოგადოებას და სახელმწიფოს სჭირდება და არ ვაპირებ ვემსახურო უკრაინის გავლენიანი ელიტის ინტერესებს“, განაცხადა გროისმანმა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG