Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური უსაფრთხოების კომუნიკე სუამისგან


სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში, 9 ნოემბერი 2009წ.
სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა თბილისში, 9 ნოემბერი 2009წ.
სუამის სივრცეში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების, ასევე, ტერორისტული და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავს კომუნიკე, რომელიც თბილისში სუამის მეოთხე საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი შეხვედრის შედეგად იქნა მიღებული. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაც იყო, რომელსაც, სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ვანო ხუხუნაიშვილის თქმით, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება რეგიონალური ორგანიზაციების განვითარებასა და ინტეგრაციის გაღრმავებაში.

საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია სუამის რიგით მეოთხე საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სხდომა 10 ნოემბერს „შერატონ მეტეხი პალასში“ სპეციალური კომუნიკეს ხელის მოწერით დასრულდა.

კომუნიკეში დეტალურად არის გაწერილი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული კონცეფცია, რომელიც მოიცავს სუამის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების და ასევე ანტიტერორისტული და დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

ორდღიანი შეხვედრის დისკუსიის ძირითადი თემები იყო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები სუამის სივრცეში, სუამის სივრცეში არსებული კონფლიქტები და მათი გავლენა რეგიონალურ და საერთაშორისო მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე, ევროკავშირისა და სუამის თანამშრომლობის პერსპექტივები, ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის საკითხები და, გარდა ამისა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის როლი რეგიონალური ორგანიზაციების განვითარებასა და ინტეგრაციის გაღრმავებაში.

უმნიშვნელოვანეს საკითხად მიაჩნია საპარლამენტო კომპონენტის გააქტიურება სუამის ფორმატში სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს ვანო ხუხუნაიშვილს. როგორც მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ამ მხრივ პარლამენტთა ჩართულობა საკმაოდ მწირია და მიაჩნია, რომ თბილისში გამართული შეხვედრა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ კუთხით მუშაობის გასაღრმავებლად:

გარდა საპარლამენტო კომპონენტის გააქტიურებისა, ვანო ხუხუნაიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების თანამშრომლობის გაძლიერებაც, როგორიცაა თვითმმართველობები და რეგიონალური ხელისუფლებები და, გარდა ამისა, მისივე თქმით, ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს მაქსიმალურად გაიზარდოს თანამშრომლობა კულტურისა და განათლების სფეროში. იმ არასამთავრობო სექტორის გაქტიურება, რომელიც სუამის პრობლემების მიმართულებით იმუშავებს და მედია-პროექტების მხარდაჭერა და წახალისება იქნება ასამბლეის სამომავლო მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც, - აცხადებს ვანო ხუხუნაიშვილი.

ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მანტას ადომენასის, თქმით, სუამის ქვეყნების მუშაობის გააქტიურება უსაფრთხოების საკითხებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც რუსეთის აგრესია სულ უფრო და უფრო ძლიერდება: ”მაშინ, როდესაც რუსეთის აგრესია მძაფრდება, მნიშვნელოვანია სუამის ქვეყნებისათვის უსაფრთხოების საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რეგიონალური ინტეგრაციის, ერთობლივი ინტერესებისა და ერთობლივი პროექტების შედეგად. ჩვენ კი, როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ეს პროცესი წარმატებით წარიმართოს, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის წინ გადადგმულ ნაბიჯებზე”, - აცხადებს მანტას ადომენასი.

უსაფრთხოების საკითხების გააქტიურების მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის დირექტორი თორნიკე შარაშენიძეც. მიუხედავად იმისა, რომ სუამი არასდროს მოიაზრებოდა უსაფრთხოების ორგანიზაციად, მაინც მნიშვნელოვანია ამ კუთხით მუშაობის გააქტიურება, რადგან სუამის ოთხივე ქვეყანაში საკმაოდ აქტუალურია უსაფრთხოების პრობლემატიკა, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, თორნიკე შარაშენიძე.

სუამის რიგით მეოთხე საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი შეხვედრის შედეგად, გარდა კომუნიკესი, მიღებულია ასევე ორი რეზოლუცია: პირველი, ეს არის სუამ-ის წესდება, ხოლო მეორე ითვალისწინებს უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში სუამ-ის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას.

11 ნოემბერს კი გაიმართება სუამის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხება ტერორისტულ და დანაშაულებრივ ჯგუფებთან ბრძოლის საკითხებს.
XS
SM
MD
LG