Accessibility links

logo-print

ამ სათაურით გამოაქვეყნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მორიგი კვლევა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციის შევსების მდგომარეობას ასახავს. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოავლინა ორი გუბერნატორის მიერ ქონებრივი დეკლარაციის არასრულყოფილად შევსებისა და, ერთის შემთხვევაში, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონოდ ჩართულობის ფაქტები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ამ დროისათვის მოქმედი 8 გუბერნატორიდან ორმა - კერძოდ, ქვემო ქართლისა და იმერეთის გუბერნატორებმა - ქონებრივი დეკლარაცია არასრულყოფილად შეავსო, დამალა რა საკუთარი ან ოჯახის წევრების ბიზნესწილები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის დარღვევას წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად კი, კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანიშვილმა დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ მისი მეუღლე არის შპს „კაბრიოს“ 100-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი. ამავე კვლევით, საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შენიშნავს, რომ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე არის შპს „გროს ტურ ჯორჯიას“ 10-პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი, მაშინ როდესაც კანონი მას ამა თუ იმ საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, გუბერნატორის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ არის ასახული ის, რომ იგი არის რაგბის კლუბ „ყოჩებისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ გამგეობის წევრი. გივი ჭიჭინაძე, თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პასუხად ამბობს:

“არანაირი ქონებრივი წილი მე არ მიმიღია არც „ყოჩებიდან“, არც „ქართული ხმებიდან“ და, ზოგადად, არანაირი ბრუნვა არ არის. ის მესამე კომპანია რაც არის, უბრალოდ, ქაღალდზე არსებობს ის კომპანია, არანაირი ერთი ლარის ბრუნვაც კი არ განხორციელებულა იმ კომპანიაში და, ფაქტიურად, ფუნქციონირებაც კი არ დაუწყია იმ კომპანიას. რახან ეძებენ რაღაც-რაღაც მიზეზებს, კარგი იქნება საბანკო ბრუნვებიც ენახათ, რა ბრუნვები იყო იქ“.

გივი ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ან გააუქმებს, ან მორიგი დეკლარაციის შევსების მომენტში ქონებრივ დეკლარაციაში ზემოხსენებულ კომპანიასაც შეიტანს. ამ დროისათვის კი, - მაშინაც კი, თუ კანონი აშკარად დარღვეულია, - არც საჯარო სამსახურის ბიუროს და არც რომელიმე სხვა უწყებას საჯარო მოხელეების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება და შესწორება არ ევალება. ეს ვრცელდება ცალკეული გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების არასრულყოფილად შევსების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნაზეც. საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტის უფროსი დემნა ლობჟანიძე ამბობს:

„თანამდებობის პირის ვალდებულებაა კანონით დადგენილ ვადაში შეავსოს დეკლარაცია და ბიუროს ფუნქციაა მას შეუწყოს ხელი ამაში: დაუნიშნოს ვადები, გაუგზავნოს სპეციალური წერილი, სადაც არის მითითებული მისი მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლითაც ის ახერხებს დეკლარაციაში შესვლას და, სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდეს ბიუროს, გამოიყენოს ბიუროს ცხელი ხაზი და ონლაინ დახმარება და კვალიფიციური დახმარება გაუწიოს ბიუროს შესაბამისმა თანამშრომელმა თანამდებობის პირს დეკლარაციის შევსებაში. თუ არ ჩააბარებს კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციას, ბიუროს ხელმძღვანელის უფლებამოსილებაა დააჯარიმოს 1000 ლარის ოდენობით. აი, აქ ამოიწურება ბიუროს მთელი უფლებამოსილება“.

საჯარო სამსახურის ბიუროს შეზღუდული მანდატი საკანონმდებლო სისუსტედ და ამ სისტემაში არსებულ ნაკლოვანებად მიაჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის ხელმძღვანელს ერეკლე ურუშაძეს. იგი ამბობს, რომ ამ მხრივ რადიკალურად შეცვლიდა ვითარებას სპეციალური ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის შექმნაც ორგანიზაციის მიერაა ინიცირებული და რომლის ერთ-ერთი მოვალეობა იქნებოდა ქონებრივი დეკლარაციების გადამოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, სანქციის გამოყენება, თუნდაც ჯარიმის სახით:

„ამაზე პასუხისმგებელი უწყება ჩვენ არ გვყავს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშკარაა სისხლის სამართლის დანაშაული. აქ შეიძლება პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთოს, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმე არ არის რუტინული მონიტორინგი ყველა თანამდებობის პირის საქმიანობისა. ამიტომ ამისთვის, ვფიქრობთ, საჭიროა რაღაც ცალკე სპეციალური უწყება“.

ერეკლე ურუშაძის თანახმად, ქონებრივი მონიტორინგის სამსახურის საკითხზე, არასამთავრობო სექტორის გარდა, მუშაობს მთავრობაც, თუმცა მთავრობის პროექტი მხოლოდ ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგის სისტემის შექმნას ითვალისწინებს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მონიტორინგის სამსახურს, ქონებრივი დეკლარაციების კონტროლის გარდა, უნდა ევალებოდეს ასევე საჯარო პირების ყველა იმ ვალდებულებისა და ნორმის შესრულებაზე დაკვირვება, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის პრევენციასთანაა დაკავშირებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევამ კი, გუბერნატორების მიერ ქონებრივი დეკლარაციების შევსების არასრულყოფილების გარდა, კიდევ ერთ ტენდენციას გაუსვა ხაზი: კვლევამ აჩვენა, რომ გუბერნატორების შემთხვევაშიც იკვეთება ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ ფონდებსა და კომპანიებთან მათი კავშირები. კერძოდ, რვა მოქმედი გუბერნატორიდან ორი „ქართუ ბანკის“, ერთი კი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ყოფილი თანამშრომელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG